LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო ტარიფს გვიწესებს: გაგვიძვირდება თუ არა პური?

138
20201206115757

რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო ტარიფს აწესებს.

გადასახადი 1 ტონაზე 25 ევროთი განისაზღვრება და კვოტირებულ ხორბალს შეეხება.

ხორბლის ექსპორტზე კვოტა მანამდეც დაწესებული იყო, თუმცა მაშინ საბაჟო ტარიფი ნულოვანი იყო.

ტარიფების მოქმედების ვადა უკვე ცნობილია- 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე განისაზღვრა.

რაც შეეხება საექსპორტო კვოტას, ის 17,5 მილიონ ტონას შეადგენს.

კვოტების დაწესება ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის ბურღულზეც, ქერზე, შვრიასა და სიმინდზე.

მინისტრი: ჩვენ არ ვამტკიცებდით, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა

სახელმწიფო პროგრამა კონკრეტულად სამრეწველო პურს ეხება და არა ფქვილისგან წარმოებულ ყველა პროდუქტს

„ბიზნესკურიერი“  დაინტერესდა, რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთის ამ გადაწყვეტილებას.

როგორც “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმლოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის ამ გადაწყვეტილებამ ბირჟებზე აჟიოტაჟი გამოიწვია.

„კვოტირების შესახებ მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა ახლა დამატებით შემოღებულია საბაჟო-საექსპორტო გადასახადი, რომელიც 0-ის ტოლი იყო და ახლა არის 25 ევროს ტოლი, ანუ დაახლოებით 40 დოლარის ფარგლებში ძვირდება ხორბლის ფასი.

ფასები გაიზარდა არამარტო ჩიკაგოს ბირჟაზე, ფასები გაზრდილია პარიზის ბირჟაზეც, დაახლოებით 7 ევროთი. რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ 15 თებერვლიდან 1 ივლისამდე, ანუ პირველი მოსავლის აღებამდე ქვეყნიდან არ გავიდეს 17,5 მილიონ ტონაზე მეტი. რუსეთი აწესებს კონტროლს თავის კომპანიებზე, რათა თავად არ დარჩეს ხორბლის გარეშე და შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა.”-აცხადებს ლევან სილაგავა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად ხელსაყრელია რუსეთის ბაზარი გაძვირების ფონზე, „ხორბლისა და ფქვილის მწარმლოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გვპასუხობს, რომ ბოლო წლებში ყველაზე იაფი იმპორტი სწორედ რუსეთიდან გვიჯდებოდა.

„სავარაუდოდ, ფასის გაძვირების შემდეგაც კი, სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია. თუმცა საქართველო საჭიროების შემთხვევაში უპრობლემოდ გადაერთვება სხვა ქვეყნის ბაზარზეც, ქვეყანაში 2-თვიანი მარაგები ყოველთვის არის, რადგან უსაფრთხოების მიზნით, თუ სიტუაცია დაიძაბა ადვილად შეძლოს ქვეყანამ სხვა ბაზარზე გადართვა“-ამბობს სილაგავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთიდან ჩვენი მეზობელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი მარაგდება და ასევე რუსეთიდან ხორბალი შედის კიდევ 100 ქვეყანაში.

ლევან სილაგავა „ბიზნესკურიერთან“ აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე საკმარისი მარაგები არსებობს და პურის ფასის ზრდა არ გველის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით სუბსიდირება განახორციელა.

4-თვიანი სუბსიდირების პროგრამა 1 დეკემბერს ამოქმედდა და 31 მარტამდე განხორციელდება.

ლევან სილაგავა დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ სოციალურ პურზე ფასი არ გაიზრდება.

რაც შეეხება ვითარებას 31 მარტის შემდეგ, სილაგავას პროგნოზით, იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ საით წავა ტრენდი, ასევე როგორი იქნება მოსავლიანობა.

პოპულალურები