საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა. დოკუმენტი 2 მაისიდან უნდა ამოქმედდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური პირი პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს, პირველ შემთხვევაში ამისთვის 3 000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 15 000 ლარია.
დღესვე პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის არარსებობის შემთხვევაშიც, კარანტინისა და იზოლაციის წესები დასჯადი ხდება. რეგულაციის მიხედვით, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის მოქალაქე თავდაპირველად 2 000 ლარით, განმეორებით კი შინაპატიმრობით (6 თვიდან 2 წლამდე) ან პატიმრობით (3 წლამდე) დაისჯება. რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, ისინი ჯერ 10 ათასი ლარით დასანქცირდებიან, შემდეგ ჯერზე კი ან განმეორებითი ჯარიმით ანდა საქმიანობის შეჩერებით.
საქართველოში ამ დრომდე კარანტინის წესების დარღვევა მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტით ისჯებოდა, რომელის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს 21 მარტს გამოიცა და 22 მაისამდე მოქმედებს. დოკუმენტით, მოქალაქე პირველ ეტაპზე სამი ათასი ლარით ისჯება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი პატიმრობა ემუქრება. იურიდიული პირების შემთხვევაში სანქცია უკვე კანონში გადატანილი შინაარსის იდენტურია.