მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო.
სოფო ჯაფარიძე: „მე არავის ადგილი არ დამიკავებია.. ვარ მისი ნდობით აღჭურვილი პირი“
როგორც ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ“.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო. მაისის შემდგომ ის განსაკუთრებით ხშირად საჭიროებს სისხლის გადასხმას და სამწუხაროდ, ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან ხშირად რიგი გართულებები და მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ იყო მძიმე ალერგიული რეაქცია და არა მხოლოდ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამედიცინო პერსონალისგან მოდის სიგნალები შიშის შესახებ, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არაერთი შეუსაბამობა და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
მივმართავ სახალხო დამცველს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც შეიძლება დაუყოვნებლივი რეაგირება მოხდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ყველაფერს ასე მშვიდად ვუყუროთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
