LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, ხანდახან მშობლები შვილებს 37.5 გრადუსზეც კი „პარაცეტამოლს“ აძლევენ და ამით მათ ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში ხელს უშლიან“ – ივანე ჩხაიძე

637
ivanechxaidze

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჩხაიძე პედიატრიულ ასაკში ყველაზე გავცელებულ ჩივილზე, ცხელებაზე საუბრობს:

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სახის ტემპერატურა არ არის ცუდი. სამწუხაროდ ხანდახან მშობლები შვილებს 37.5 გრადუსზეც კი „პარაცეტამოლს“ აძლევენ და ამით მათ ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში ხელს უშლიან. „ჯანმოს“ რეკომენდაციით, ადამიანს და მათ შორის ბავშვს სიცხის დამწევი საშუალება მხოლოდ მაშინ უნდა მივცეთ, როდესაც ტემპერატურა 38.5 გრადუსი და მეტია. „ამერიკის პედიატრთა ასოციაციის“ რეკომენდაციით, ეს ზღვარი 38.3 გრადუსია, თუმცა ისინი ამბობენ იმასაც, რომ ამ დროს ბავშვს უნდა დავაკვირდეთ და თუ ის ხალისიანი და კონტაქტურია, არც ამ დროს არ უნდა მივცეთ წამალი. მაღალი ტემპერატურა ვირუსებსა და ბაქტერიებს არ მოსწონთ, ეს ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა მათ წინააღმდეგ და ხანდახან ორგანიზმს უბრალოდ უნდა ვაცალოთ, რომ იმოქმედოს, მთავარია ტემპერატურა საშიშ ზღვარს არ ასცდეს.

კიდევ ერთი რამ რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ მშობლებს, როგორც წესი არასწორი მოლოდინები აქვთ სიცხის დამწევი საშუალების მიმართ. ისინი ელიან, რომ ტემპერატურა ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდება და ღელავენ, რომ სიცხემ ორი ხაზით დაიწია. არადა სინამდვილეში, ამ დროს მიზანი არის ის, რომ ტემპერატურის ზრდა შეჩერდეს და დამწევის ფონზეც ის მაღლა არ წავიდეს. თუკი ტემპერატურა რამდენიმე ხაზით დაიწევს, მთლად უკეთესი, ესე იგი საშიშ ზღვარს ჩამოსცდა. არ უნდა ელოდეთ, რომ წამლის დალებისთანავე ბავშვის სხეულის ტემპერატურა 36.6 გრადუსზე ჩამოვა, მით უმეტეს, რომ სიცხის დამწევი საშუალებები, თუ ისინი სიროფის ან ტაბლეტის სახით არის მიცემული, დაახლოებით 30-40 წუთში მოქმედებს. ბავშვებში მხოლოდ ორი სიცხის დამწევი, „პარაცეტამოლი“ და „იბუპროფენი“ გამოიყენება, არ ვიყენებთ „ანალგინს“ და „ასპირინს“, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები ახასიათებთ. დოზებს შორის მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ და თუ ამ დროის განმავლობაში ტემპერატურა ზემოთ მიდის ან არ იკლებს, უნდა მივმართოთ სხეულის გაგრილების ისეთ საშუალებას, როგორიც მაგალითად ოთახის ტემპერატურის წყლით ბავშვის სხეულის დაზელაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისეთი რადიკალური მეთოდები, როგორიც ყინულიანი აბაზანაა, არ არის მისაღები, რადგან ამან შესაძლოა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ოთახის ტემპერატურა 22-24 გრადუსია, ბავშვის ორგანიზმის კი 38-39 გრადუსი, სხვაობა საკმაოდ დიდია, ამიტომ ოთახის ტემპერატურის წყალიც მშვენივრად შეასრულებს თავის ფუნქციას“,  – განცხადა ივანე ჩხაიძემ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“.

გადაცემა – ,,სტუმრად ექიმთან”

ომიკრონი სიმპტომებით უფრო გაციებას ჰგავს, ახასიათებს სისუსტე, დაბალი სიცხეები, ყელის ტკივილი და სურდო – ივანე ჩხაიძე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები