“სანამ საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, მსოფლიოს 81 ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. ჩვენ კოვაქპლატფორმის რიგში ვდგავართ, საიდანაც ვაქცინის მიღების თარიღებიც უცნობია.” – “ლელო საქართველოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საქართველომ შეძლებისდაგვარად უნდა იზრუნოს, მოიპოვოს ვაქცინა და დაიწყოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უსასყიდლოდ აცრა.
გეგელია აღნიშნავს, რომ ეროვნული ინტერესების განხორციელების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიურმა კორპუსმა ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს:
“არაერთმა სახელმწიფომ სწორი საგარეო კომუნიკაციის და გამჭრიახობის შედეგად უკვე მოახერხა ვაქცინის მოპოვება. მათ შორისაა: უკრაინა, სერბეთი, ისრაელი, ბანგლადეში, მექსიკა, აფრიკული კავშირი. მაგალითისთვის, უკრაინამ 12 მილიონი დოზა მოიპოვა, აფრიკულმა კავშირმა 400 მილიონი დოზა, სერბეთმა 1 მილიონი, ბანგლადეშმა 30 მილიონი. საქართველომ კი ვერაფერი.
სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა იზრუნოს ვაქცინის მოსაპოვებლად, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები უსასყიდლოდ აიცრას. დღეს ეს უმთავრესი გამოწვევაა საჯარო სიკეთის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამისათვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიურმა კორპუსმა ეროვნული ინტერესის განსახორციელებლად ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს. სამწუხაროდ, დღეს ამის კვალი და მცდელობა არსად ჩანს, რაც ჯანდაცვის კრიზისს და ქართული ეკონომიკის ჩამოქცევის პროცესს ახანგრძლივებს.” – აღნიშნა გეგელიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია ემხრობა ქვეყანაში კომერციული ვაქცინის შემოტანას. გეგელიას განცხადებით, ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს და ასევე ხელს შეუწყობს ვაქცინების დაზოგვას, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა დაუცველ სოციალურ ჯგუფებს უსასყიდლოდ გადასცემს:
“ჩვენ ვემხრობით, რომ საქართველოში შემოვიდეს კომერციული ვაქცინა. ერთი მხრივ, ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს, შეამცირებს ვირუსის გავრცელების სიხშირეს და დაახლოებს იმ დროს, როდესაც ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. მეორე მხრივ, ეს იქნება შეღავათი ღარიბი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის, რადგან ამ გზით დაიზოგება მნიშვნელოვანი ოდენობით ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს.
შესაბამისად, ეს მექანიზმი გულისხმობს უფრო მეტ ვაქცინას უფრო სწრაფად იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ გააჩნია ამის ფინანსური შესაძლებლობა. ამიტომ, ეს არის უფრო სამართლიანი, უფრო სწრაფი და უფრო ეფექტური პრინციპი, რომელიც შესაძლებელს გახდის ჯანდაცვის რისკების შემცირებას და ნორმალური ცხოვრების უფრო მალე ჩამოდგომას.” – თქვა გრიგოლ გეგელიამ.
მისი განცხადებით, სანამ გაუგებარი რჩება თუ რაში იხარჯება კოლოსალური საგარეო დახმარება და სესხები, გასაგები და ნათელია, რომ სახელმწიფო ვერც საერთაშორისო კონტაქტებს და ვერც დიპლომატიურ არხებს იყენებს:
“სახელმწიფო ვერც ვაქცინაციის ნათელი გეგმის წარმოდგენას ახერხებს და არც კომერციულ მოდელზე გააჩნია პოზიცია. ამ უსუსური პოლიტიკის შედეგი კი ჯანდაცვის კრიზისის გახანგრძლივება, მეტი სიღარიბე და ქართული ეკონომიკის ჩამოქცევაა.” – განაცხადა გეგელიამ ბრიფინგზე.