LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება“ – თეონა აქუბარდია

145
თეონა აქუბარდია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენს გამო, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ეხმაურება.

აშშ-ის სახდეპი: შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენით – შესაძლოა, კომპანიები საქართველოს აეროპორტში სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

მისი განცხადებით, სანქციების დაწესება ქართული კომპანიებისთვის კატასტროფა იქნება. აქუბარდიას განმარტებით,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება „კიდევ ერთი გაფრთხილება და წითელი ბარათია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის“.

„მაშინ, როცა ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან დღემდე არაერთი განცხადება ვნახეთ, ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება და ვფიქრობ, წითელი ბარათიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რამდენადაც 36-მა ქვეყანამ შეაჩერა პირდაპირი ფრენა რუსეთთან ისევე, როგორც ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ. ამ მოცემულობაში, როცა ოკუპირებულ ქვეყანას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება, რომ ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობების დათბობის, მაშინ, როცა სრულიად დასავლეთი დისტანცირდა ამ ტერორისტული სახელმწიფოსგან, ეს კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ ხელისუფლება ცდილობს ისარგებლოს და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე შეინარჩუნოს ძალაუფლება. სანქციების დაწესება ქართულ კომპანიებზე კატასტროფა იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის“, – განაცხადა აქუბარდიამ.

პარლამენტის 7 დეპუტატი ხელისუფლებას შეკითხვებით მიმართავს რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, რომლის შედეგადაც დაიწყო პირდაპირი ფრენა და სანქცირებული ლავროვის ოჯახმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა შეძლო.

ხატია დეკანოიძის თქმით, პასუხებს ღიად ითხოვენ იმაზე, თუ როდის დაიწყო ეს კომუნიკაცია და რა არხებს იყენებს ხელისუფლება.

დეკანოიძის თქმით, ეს საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებისა და ეროვნული ინტერესების ძირის გამოთხრაა.

„ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს აქტიური ფარული კომუნიკაცია. ეს საგანგაშოა. რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთის გადაზიდვისთვის რუსეთისკენ მარშრუტის განახლება და სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა ვერ მოხდებოდა კოორდინაციის გარეშე. ეს არის საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებისა და ეროვნული ინტერესების ძირის გამოთხრა.

7 დეპუტატი შეკითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და მოვითხოვთ პასუხებს, რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო, რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკება, იცოდნენ თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ფარულ მოლაპარაკებებზე და ხორციელდება თუ არა მოსკოვში ფარული ვიზიტები. ჩვენი მთავარი კითხვა არის შემდეგი, რა ფარული მოლაპარაკება და ამ კუთხით პოლიტიკური ექსპანსიის გაფორმება მიმდინარეობს რუსეთთან“, – განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას აღნიშნულ კითხვებზე პასუხი გასცეს, პასუხის არ გაცემა კი კონსტიტუციური თვალსაზრისით პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რაც შეიძლება იმპიჩმენტით დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g