LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა – სუს-ი

113
3995683193

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები.

„აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა საოკუპაციო ძალის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ე.წ. პოლიტიკური ძალების აქტივობები მთლიანად იმიტაციურ ხასიათს ატარებდა, რადგან ადგილზე არსებული ყველა „პოლიტიკური პარტია“ თუ „გაერთიანება“ პრორუსულია, ე.წ. პოლიტიკოსების „კარიერა“ კი სრულად არის დამოკიდებული რუსეთის „კეთილგანწყობაზე“.

ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესების სამართავად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ხელოვნურად შექმნილ „პოლიტიკურ-ეკონომიკურ“ არასტაბილურობას და დე ფაქტო რეჟიმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი კი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას,“ – წერია სუს-ის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ე.წ. საბაჟო სამსახურების სინქრონიზაციის საკითხი, ანექსიის პროცესის ჭრილშია განსახილველი.

„საანგარიშო პერიოდში ასევე გრძელდებოდა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეობის ფლობის წახალისება და მისი გამარტივებული წესით მიღების მექანიზმების შემუშავება.

ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავაც დამოკიდებული არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45 პროცენტი (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 86 პროცენტი (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ე.წ. ბიუჯეტების დარჩენილი წილის შევსება კი რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაცია კვლავ იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებს საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მიზნებისთვის. ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების გახშირებული ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და „ურთიერთდახმარების“ მიზნით დაწყებული თანამშრომლობა (მათ შორის, სამხედრო სფეროში). აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება დაიწყო რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობამ, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის იყენებს. ამავე პერიოდში დაიწყო ე.წ. აფხაზური საბანკო ბარათების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან, რომელმაც 2018 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა,“ – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ისე ევროპის უსაფრთხოებას.

„საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება. ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა.

საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

მიმდინარეობდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვითა და სხვა,“ – აცხადებენ სუს-ში.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალები კვლავ აგრძელებდნენ უკანონო დაკავებებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, 2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

„გასულმა წელმა ცხადყო, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.

კვლავ მწვავედ დგას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისაკენ მიმართული პოლიტიკა, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და რეგიონში დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მათი სახლების განადგურება.

გასული წლის განმავლობაში კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ გალის რაიონში ეთნიკური ქართველების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ვითარება. გალის მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, საკუთრების უფლება საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაწესებული არალეგიტიმური შეზღუდვებით უკიდურესად არის გაუარესებული. საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც გალელი ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ ეთნიკური კუთვნილების „შეცვლასთან“. აღნიშნული მიზნისთვის საოკუპაციო ძალა და დე ფაქტო რეჟიმი აქტიურად იყენებენ „სამურზაყანოელი აფხაზის“ გამოგონილ ცნებას და მისი დამკვიდრების მიზნით შექმნილ ე.წ. ორგანიზაციებს,“ – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ეთნიკური ქართველების სახლების განადგურების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართული კვალის წაშლისა და ქართველების საცხოვრებელი სახლების განადგურების მიზნით ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერედვში რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით ნაგავსაყრელის მოწყობის გეგმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად მოიპოვებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხდება ამ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. საოკუპაციო ძალის, დე ფაქტო რეჟიმების, მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მიერ განხორციელებულ არაკანონიერ საქმიანობასთან და მის შედეგებთან დაპირისპირება მიმდინარეობს საერთაშორისო მექანიზმებისა და ყველა რელევანტური ბერკეტის საშუალებით,“ – აცხადებენ სუს-ში.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად არის ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში, სადაც სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წამყვანი უწყებაა.

„2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც IPRM-ის შეხვედრების მიზანმიმართულ დაზიანებაში გამოიხატებოდა. დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან გ. ოთხოზორიას, ა. ტატუნაშვილის და დ. ბაშარულის საკითხების ამოღება ულტიმატუმის სახით მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ოქტომბერსა და ნოემბერში აღნიშნული შეხვედრები არ გამართულა, ხოლო ოკუპირებულ ქ. გალში IPRM-ის ფორმატი 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ამ დრომდე შეწყვეტილია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ქ. გალში ექვსი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს განიხილავს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულიფორმატისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს IPRM-ში კონსტრუქციულ მონაწილეობას და იჩენს ძალისხმევას ქ. გალის შეხვედრების აღდგენის მიმართულებით

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით მართული „ცხელი ხაზი“ წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმის საშუალებით ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტებისა და დაძაბულობის პრევენციას და უმოკლეს ვადაში გარკვევა-გადაწყვეტას. „ცხელი ხაზის“ გააქტიურების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს ზემოაღნიშნული მექანიზმი 2 182-ჯერ იქნა გამოყენებული,“ – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

„აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რათა ადგილზე არსებული ვითარება ობიექტურად მიეწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს, თანათავმჯდომარეებს და შეხვედრის ყველა მონაწილეს. საანგარიშო პერიოდში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ოთხი რაუნდი გაიმართა (43-ე, 44-ე, 45-ე და 46-ე).

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეფექტურად თანამშრომლობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ EUMM-ს არ ეძლევა საშუალება, განახორციელოს მანდატით განსაზღვრული უფლება, აწარმოოს მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. აღნიშნულის მიუხედავად, EUMM (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან ერთად) მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლობებთან; 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების პროცესში კი – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC),“ – აცხადებენ სუს-ში.

​უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების სამსახური ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ორგანიზებულ ე.წ. სამმხრივი საკოორდინაციო შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, 2018 წელს ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალურად განეიტრალების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2018 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე  მაღალი რანგის სხვადასხვა ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 39 ვიზიტს გაუწია ორგანიზება,“ – აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.