LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე, ქვეყანაში უსაფრთხოება დაცულია მაქსიმალურ დონეზე“ – რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი საქართველოში „ჰავანის სინდრომის“ შესაძლო დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით

153
სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამერიკელი დიპლომატების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის წყარო უცხოური ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომლის თანახმად, ამერიკელი დიპლომატების მიმართ თითქოს „ჯანმრთელობის ანომალიურ ინციდენტს“ ჰქონდა ადგილი.

სუს-ის განცხადებით, „რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში“

„მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამის რეაგირებამდე გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ ერთხელ გადაამოწმა აღნიშნული ფაქტები და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დაელოდა საქმესთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პარტნიორი მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ისეთმა კომპეტენტურმა უწყებებმა, როგორებიცაა  ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და სახელმწიფო დეპარტამენტი, თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა არა მარტო საქართველოში 2021 წელს, არამედ სხვადასხვა წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, კუბაში და სხვ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ რეაგირებას სავსებით ამომწურავად მიიჩნევს, რითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი და თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის.

აქვე გვსურს საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ბოლო პერიოდში კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას მსოფლიოს…

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on ორშაბათი, 08 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები