სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თე ახვლედიანმა განაცხადა.
როგორც თეა ახვლედიანი ამბობს, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საოკუპაციო რეჟიმზე წნეხი გაძლიერდეს.
“სამწუხაროდ, დღეს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა. საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებენ და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, დაწყებული არაფორმალური არხების გამოყენებით, მუდმივ რეჟიმში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რაც მთავარია ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შედეგს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა. 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.