LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდება

150
1

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

განხილვაში უმრავლესობის, ოპოზიციის, ეროვნული ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

ბანკებისთვის კონკურსი თებერვლის ბოლოს გამოცხადდება და გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს:

“დაახლოებით 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ასევე, ზედა ზღვარი შემცირდა, რაც იყო ჩვენი გუნდის სურვილი და მათ შორის, ოპოზიციაც ამისთვის იღვწოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო და არა პოპულისტური, არამედ ადეკვატური პროცენტი ყოფილიყო. პროცენტი დაახლოებით, 26 %-ის ფარგლებშია.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეროვნულ ბანკს ვთხოვეთ, უშუალოდ პენსიონერებისთვის ცალკე ცხელი ხაზი შეექმნა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს აქვთ უფლება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის სხვა ბანკში აღება, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ.

ეს იყო ხელშეკრულებაშიც და ეს პოპულიზმი ვერ მოიშორა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა”, – განაცხადა ზარქუამ.

ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ დროისთვის ორმა კომერციულმა ბანკმა – “ლიბერთი ბანკმა” და “საქართველოს ბანკმა” გამოთქვა.

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარის დაწევას “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც აფასებს. 

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო. მისივე თქმით, პენსიონერების სესხის საკითხი მათი გუნდისთვის  ის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში “სტრატეგია აღმაშენებელი” ამომრჩეველს ჰპირდებოდა:

“ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, საპენსიო სესხის პროცენტი 25-26%-მდე დაიწევს. მართალია, ხელისუფლებამ არ გაიზიარა ჩვენი მეორე შეთავაზება – პენსიონერისთვის მომსახურე ბანკის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა – თუმცა ამ მიმართულებით, რაღა თქმა უნდა, “სტრატეგია აღმაშენებელი” აგრძელებს ბრძოლას და იმედი გვაქვს, თქვენთან ერთად ამ სამართლიანი მოთხოვნის შესრულებასაც მივაღწევთ. პენსიონერების სესხის საკითხი ჩვენი გუნდისთვის არის ის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში “სტრატეგია აღმაშენებელი” ამომრჩეველს ჰპირდებოდა.

კარგია, რომ სხვა ოპოზიციონერმა კოლეგებმაც გაიზიარეს ეს პრობლემა და მისი მნიშვნელობა. “სტრატეგია აღმაშენებელი” არის ის პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც სიფრთხილით ეკიდება ყველა დაპირებას, მაგრამ დაპირების შემდეგ ყველაფერს აკეთებს მისი შესრულებისთვის. იმედი მაქვს, ჩვენი ძალისხმევით ხალხისთვის მნიშვნელოვანი სხვა პრობლემური საკითხების მოგვარებასაც შევძლებთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g