LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს დამოუკიდებლობას პირველმა ხმა 101 წლის ლიტველმა მისცა“ : თავისუფლების 30 წელი – ისტორიული დღის ქრონიკა

172
gamsaxurdia 33

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გათავისუფლდა. 

კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა.

საქართველოს კონსტიტუციის I მუხლში ვკითხულობთ:

„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.

მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს. რა უძღოდა წინ ყველაზე მნიშვნელოვან და საქართველოში ჩატარებულ  ისტორიულ რეფერენდუმს:

► 31 მარტის რეფერენდუმი ვერ გაიმართებოდა, რომ არა ეროვნული ძალების დამაჯერებელი გამარჯვება 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში.

► საქართველოს რესპუბლიკის ახალმა უზენაესმა საბჭომ შეკრებიდან პირველივე დღეებში განცხადებით მიმართა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს.  საბჭოთა კავშირის პირველ პირს აცნობეს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკა უარს ამბობდა კრემლის შეთავაზებაზე, შეერთებოდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

► საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში.  რეფერენდუმის მიზანი იყო გაერკვია მოკავშირე რესპუბლიკებში ახალი საკავშირო ხელშეკრულების, კერძოდ, სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის (სსკ) შექმნის მიმართ დამოკიდებულება.

 

 

 

საინტერესო ფაქტები

 

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს 30 წლის წინადელი დღიდან.

რეფერენდუმის დღეს, თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი, 78 წლის რიჩარდ ნიქსონი. თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყოფნისას რიჩარდ ნიქსონს ისიც კი უთქვამს, უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო.

იმ დროინდელი ქართული პრესა წერდა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა, 101 წლის ლიტველი კაცი იყო.  

 „დილის 7 საათზე, როცა თბილისის საბურთალოს რაიონის საარჩევნო ოლქის 23-ე უბნის კომისიის წარმომადგენლები დანიშნულების ადგილას მივიდნენ, საარჩევნო უბნის კართან პირველი მოქალაქე უკვე ელოდათ: იგი აღმოჩნდა… 101 წლის ლიტველი კაცი. ეს მხცოვანი ადამიანი ჩქარობდა, სხვაზე ადრე მინდა გამოვხატო ჩემი ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულებაო. ასეც მოხდა: სწორედ იგი იყო ამ უბანზე პირველი, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა“.  ვკითხულობთ 1991 წლის 1 აპრილს გამოსულ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

 

რეფერენდუმის შეკითხვა შემდეგნაირად ფორმულირდა –  

„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“?

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას , ჯამში, 3 მლნ 295,5 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, უფრო ზუსტად, ამდენმა ამომრჩეველმა უპასუხა „დიახ“ რეფერენდუმში დასმულ კითვას.

 

მნიშვნელოვანი მონაცემები

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა, კენჭისყრაში – 61,23%-მა. რეფერენდუმში დასმული საკითხის  დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, უარყოფითად გადაწყვეტას –  1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ  საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო.

 

 

გაიცა 10 182 ბიულეტენი, რომელთაგან  2 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10 180-მა ამომრჩეველმა.

საქართველომ სულ რაღაც 9 დღეში აღადგინა დამოუკიდებლობა, სწორედ იმ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, რომელმაც ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკის 37-ე პრეზიდენტზე.

ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ჩათვლით.

 

31 მარტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღითაა ცნობილი. სწორედ ამ დღეს, 1939 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაიბადა.

 

 

ბევრი ამბობდა, რომ ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმი საკუთარ დღეს დაამთხვია, რადგან უნდოდა, ეს ისტორიული თარიღი მის დაბადების დღესთან ყოფილიყო კავშირში. პოლიტიკოსები სწორედ ასეთ ამბიციურ ხასიათს ასახელებენ პირველი პრეზიდენტის ყველაზე დიდ მინუსად.

უცნაურია, მაგრამ ასტროლოგები ფიქრობენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეფერენდუმი ცის კაბადონზე  საქართველოსთვის ყველაზე  ცუდ დღეს დაინიშნა …

ალბათ მიზეზს  აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფაქტია უკვე 30 წელია, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია იმდენად ვერ დაალაგდა და რომ ამას, დღეს, დიდი სურვილის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებიც კი ვერ ახერხებენ.

 

ჩაშლილი შეთანხმება – დანიელსონი ბრიუსელში ისევ ხელცარიელი წავიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები