2023 წლის 6 მარტს ემორის უნივერსიტეტსა (ატლანტა, აშშ) და საქართველოს შორის 30-წლიანი ურთიერთობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ემორის უნივერსიტეტის დელეგაცია: ემორის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გლობალური სტრატეგიისა და ინიციატივების დარგში, პროფესორი ფილიპ ვეინვრაითი, ემორის უნივერსიტეტის გლობალური სტრატეგიისა და ინიციატივების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ნატალი კრუზი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სამედიცინო განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა დეკანის მოადგილე, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ემერიტუსი, პროფესორი ჯოელ ფელნერი; ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ემერიტუსი, პროფესორი ნათანიელ გოზანსკი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდერ ისაკოვი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის პროფესორი, ბრაიან მაქნალი; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პათოლოგიისა და ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გაბრიელა ოპრეა; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, დუგლას ანდერი; ატლანტის მორჰაუსის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელის მოადგილე, გრეიდის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინისა და ფილტვის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ერიკ ფლანო.
სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი სოფიო ბახტაძე; თსსუ-ის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.
ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიესალმა პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, რომელმაც ისაუბრა ემორის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ. ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ემორის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ფილიპ ვეინვრაითმა, მადლობა გადაუხადა თსსუ-ის წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის, აღნიშნა, რომ ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგს თვალნათლივ ხედავს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.
ემორის უნივერსიტეტი საქართველოში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (NIH)და სხვა ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტებს განათლებისა და მედიცინის მიმართულებით 1992 წლიდან ახორციელებს. მათ შორისაა, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხორციელდება. ის დღეისთვის საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს, რომელსაც საფუძვლად უდევს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო კურიკულუმი, ადაპტირებული ქართული და საერთაშორისო საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, მართლაც, არაერთი მნიშვნელოვანი შედეგით არის აღბეჭდილი სამედიცინო განათლების უახლეს ისტორიაში:
- თსსუ-ის სტუდენტებს, აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალსა და მოწვეულ მასწავლებლებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ ემორის უნივერსიტეტის მხრიდან: 40-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე, 300-მდე სტუდენტის ვიზიტი განხორციელდა ემორის უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ კლინიკურ ეტაპზე ემორის უნივერსიტეტის მიერ, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის, შემუშავებულია სპეციალური პროგრამა ყველა იმ თავისებურების გათვალისწინებით, რაც თსსუ-ის კურიკულუმისა და სამედიცინო სივრცისთვის არის დამახასიათებელი.
- ემორის უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოში დაარსდა არჩილ და სერგო კობალაძეების სახელობის მედპერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრი, რომელიც ექიმებს, ექთნებსა და ექთნის დამხმარეებს, სხვადასხვა სამედიცინო და საექთნო საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზებით, უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
- 2017-2022 წლებში USAID-ის მიერ დაფინანსებული ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორული თანამშრომლობით, განვითარდა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა; კურიკულუმს დაემატა ახალი სასწავლო კურსები, გაძლიერდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება-სწავლის და შეფასების მეთოდები, მათ შორის, დაინერგა პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება (PBL) და განხორციელდა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) პილოტირება პროგრამაში მისი მომდევნო დანერგვის მიზნით; პროგრამის სასწავლო კურსებში განვითარდა კლინიკური პრაქტიკის კომპონენტი. განხორციელდა სასწავლო ტური ემორის უნივერსიტეტში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულმა პროფესორ-მასწავლებლებმა, ხოლო ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა განახორციელა კლინიკური ტრენინგები თსსუ-ში.
- ამავე პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად შეიძლება ჩაითვალოს სარეაბილიტაციო კლინიკები: კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისში და მისი ფილიალი ბათუმში, ასევე, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ ზუგდიდში. აღსანიშნავია, რომ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებულია თსსუ-ის სარეაბილიტაციო მიმართულების ყველა სტრუქტურული ერთეული, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური დეპარტამენტები.
- ამასთან, ემორის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, 2021 წელს, საფუძველი ჩაეყარა „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის‘‘ შექმნას. აკადემიის მიზანია, 2-14 წლამდე ასაკის განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და სრულყოფა, რაც მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და ინტეგრაციაში დაეხმარება.
- 2017 წლიდან ემორის უნივერსიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდასაჭერად, მხოლოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 4,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო.
იმავე დღეს, 2023 წლის 6 მარტს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონია. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის‘‘ და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე შეაჯამეს 1992 წლიდან დღემდე ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში განხორციელებული ერთობლივი პროექტები.
საიუბილეო ცერემონიალს ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ქალბატონი კელი დეგნანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი ანტონ ობოლაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ბატონი დავით ლომინაშვილი, საპატიო სტუმრები ემორის უნივერსიტეტიდან, ატლანტის მორჰაუსის მედიცინის სკოლიდან და გრეიდის ჰოსპიტალიდან, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტიდან, ორგანიზაციიდან „აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში‘‘.
საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტის 30-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა ვიდეომიმართვით გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წვლილს ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საქმეში: „აღსანიშნავია ემორის უნივერსიტეტთან კოლაბორაციით, 2013 წელს დაწყებული პროექტი – დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება… ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ კენ ვოლკერს, რომელიც 30 წლის წინ ეწვია ჩვენს ქვეყანას და ჯანდაცვისა და განათლების განვითარების კუთხით არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა“.
7 მარტს ემორის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გლობალური სტრატეგიისა და ინიციატივების დარგში, პროფესორი ფილიპ ვეინვრაითი, ემორის უნივერსიტეტის გლობალური სტრატეგიისა და ინიციატივების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ნატალი კრუზი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სამედიცინო განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა დეკანის მოადგილე, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი, თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და თსსუ-ის პროფესორი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ნუნუ მიცკევიჩს. შეხვედრაზე განხილული იყო მომავალი ურთიერთთანამშრომლობა ემორის უნივერისტეტსა და საქართველოს შორის.
საიუბილეო კვირეული დატვირთული იყო როგორც აკადემიური თვალსაზრისით (სტუმრებმა წაიკითხეს ლექციები თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის), ასევე, კულტურული ღონისძიებებითაც. დატვირთული საზეიმო შეხვედრების დასასრულს თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის კონცერტი გაიმართა. კონცერტს ემორის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ და აქ მიღებული შთაბეჭდილებები სტუმრებისთვის უაღრესად პოზიტიური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.