LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 300-ამდე წერტილი შეირჩა, სადაც ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა შეიძლება

172
b320775de3c297425b69dccc362220a9-XL

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2019 წლის საქმიანობა შეაჯამა და საავიაციო ინდუსტრიის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

შეხვედრის დასაწყისში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციები და ინდუსტიის შესალებლობები. ლევან კარანაძემ ყურადღება გაამახვილა უმსხვილესი ავიაკომპანიების – Ryanair-ის და Air France-ის შემოსვლაზე და აღნიშნა, რომ წამყვანი ბრენდების ოპერირება მოსახლეობის გადაადგილების გამარტივებასთან ერთად, მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობის ხარისხს მსოფლიოში და საავიაციო წრეებში. ამავე დროს, სააგენტოს ხალმძღვანელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ Wizz Air-თან და Turkish Airlines-თან ერთად, ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია ქართულ ავიაკომპანიას Georgian Airways-ს უჭირავს (Wizz Air -16%, Turkish Airlines -11%, Georgian Airways-10%). ლევან კარანაძის განცხადებით, ეროვნული ავიაკომპანიის წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარების და პროფესიული კადრების აღზრდის თვალსაზრისით.

სააგენტოს ხელმძღვანელმა განვლილი თერთმეტი თვის მგზავრთნაკადი შეაჯამა და საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა. ლევან კარანაძის ინფორმაციით, 11 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 877 963 მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. აქვე სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოცემული პერიოდისთვის დაახლოებით 16%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული. მისი განცხადებით, საპროგნოზო მაჩვენებლებთან ჩამორჩენა 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება. ლევან კარანაძის თქმით, ხსენებული გამოწვევის მიუხედავად, მთლიანი წლისთვის (12 თვე), სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მგზავრთნაკადის დაახლოებით 2-3%-იან ზრდას ელოდებიან. გასული წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა.

პირდაპირ ლისაბონისკენ - პორტუგალიური Hi Fly თბილისში შემოსვლას გეგმავს

რომელია შემდეგი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოდან პირდაპირი რეისების განხორციელებას დაიწყებენ

შეხვედრის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა უწყების ძირითად მიღწევებზე და აქტივობებზე ისაუბრა. ლევან კარანაძის ინფორმაციით, ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების და ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წელს, სააგენტომ შესაბამისი ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით ორი ახალი წესი დანერგა – „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესი“, რომლის მიზანს ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დადგენა და მონიტორინგი წარმოადგენს და „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი“, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს. კარანაძის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციების ფარგლებში, მომავალ წელს სააგენტო ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირებას და საქაერონავიგაციის რესერტიფიცირებას განახორციელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართულ ავიაკომპანიებზე ზედამხედველობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წლიდან გამკაცრდა „ეკიპაჟიანი (სველი) იჯარით“ საჰაერო ხომალდების სხვა სახელწიფოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის გადაცემის პირობები. ასევე ქართული ავიაკომპანიებისთვის აიკრძალა იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაში ჩართვა, რომლებიც იმყოფებიან საეჭვო საავიაციო უსაფრთხოების მქონე უცხოური ავიაკომპანიების ოპერირების ქვეშ (ევროკავშირის ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი ავიაკომპანიები). ამასთან, გამკაცრდა სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ავიასპეციალისტების მოწმობის აღიარების პირობები და მოხდა სერტიფიცირების მოთხოვნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.

თავის გამოსვლაში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შიდა ფრენების სტიმულირების საკითხს. ლევან კარანაძის ინფორმაციით, სააგენტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლა დაიწყო. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე შეირჩა სამასამდე წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მცირე ავიაციის რეგულირების და სამართლებრივი მოწესრიგების კუთხით. დამტკიცდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი, რომლის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისი თქმით, მოთხოვნები დაწესდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობაზეც („ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესი“). ამასთან, როგორც ლევან კარანაძემ აღნიშნა, პარაპლანების ფრენების მოწესრიგების მიზნით ცვლილებები შევიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებში, დადგინდა მათი ოპერირების მოთხოვნები და შეზღუდვები.

საზღვარზე უარის დაზღვევა უკვე შესაძლებელია - თუ ქვეყანაში არ შეგიშვებენ, ფულს აღარ დაკარგავთ

მომხმარებელს 10 ლარად შეუძლია შეიძინოს რამდენიმე დამატებითი რისკის დაფარვა

ლევან კარანაძის შეფასებით, საავიაციო სფეროში ქვეყნის იმიჯის განმტკიცების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ქართული ავიაციისთვის. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. მიმდინარე წელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეთანხმებები გააფორმა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA) და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან (EUROCONTROL). თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევით პროგრამასთან (SESAR), საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან (IATA), გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოსთან (BAF), უკრაინისა და სომხეთის საავიაციო ხელისუფლებებთან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი მოკლედ შეეხო მისი კანდიდატურის არჩევის საკითხს სხვადასხვა საპატიო პოზიციაზე. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ჩართულობა ქვეყნის მიღწევების სათანადოდ წარმოჩენასა და პოზიციების შემდგომ გამყარებაში დაგვეხმარება. წელს პირველად, საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს ICAO-ს ასამბლეის და EUROCONTROL-ის მმართველის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ასევე არჩეულ იქნა ICAO-ს რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის და საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ.

სააგენტოს 2020 წლის სამოქმედო გეგმების პრეზენტაციის ფარგლებში, ლევან კარანაძემ შემდეგი მსხვილი აქტივობები გამოყო:

  • საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად. წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება. 2013 წლიდან აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ქართულ ავიაკომპანიებზე. შესაბამისად, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების მიერ საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის ხმაურის მოთხოვნების დადგენით, ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებზე თანაბარი პირობები გავრცელდება;

  • ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად დაბრკოლებათა კონტროლის პროცესის დახვეწა. ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით დადგინდება აეროდრომის დაცვის არეები და ამ არეებში დაბრკოლებების შემქმნელი შენობა-ნაგებობების განთავსების, ნიშანდების, შეზღუდვების დაწესების წესები და პირობები;

  • საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სერტიფიცირების წესის მიღება შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ქართული მოწმობების სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან. დადგინდება ახალი მოთხოვნები როგორც მეთვალყურის კვალიფიკაციის, ისე მათი სამუშაო პროცესის მიმართ;

  • ტექნიკური მომსახურების საწარმოების სერტიფიცირების ევროპული სტანდარტების დანერგვას, რაც უზურველყოფს ტექნიკური პერსონალის მოწმობის სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან (Reg. 1321/2014, Part-145, Part-66);

  • ქვეყნის შიგნით კომერციული ოპერირების შესაძლებლობის გამარტივების მიზნით, სპეციალიზირებული ავიაციის (საავიაციო სამუშაოები: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, აეროგადაღება, აეროვიზუალური ფრენა (პატრულირება), სამშენებლო სამუშაოები და სხვა) რეგულირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად (Reg. 965/2012);

  • დრონების ელექტრონული რეგსტრაციის სერვისის ამოქმედება, რომელიც ერთი პლატფორმის ქვეშ გააერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორებისთვის (რეგისტრაცია, რეგისტრირებული დრონების მონაცემები, რეგულაცია, ონლაინ ტესტირება, რუკები, ინფორმაცია შეზღუდული არეების შესახებ და ა.შ.);

  • სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი ამოქმედება, რომელიც მაქსიმალურად მოქნილი და ინფორმატიული იქნება როგორც საავიაციო ინდუსტრიისთვიის ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები