LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლოს: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

60
1

“საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3%-ს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ისარგებლოს დედობის სრულად ანაზღაურებადი შვებულებით. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დამატებით ანაზღაურებას მათ საკუთარი სურვილით უხდის. დედობის შვებულების სახელმწიფო კომპენსაცია კი თვეში 167 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.” – გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა საქართველოში დასაქმებული დედების შრომითი უფლებების ახალი კვლევის შედეგები წარადგინეს.

ონლაინპრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ღონისძიების მიზანი კი დასაქმებული დედების შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ:

?  საქართველოს შრომის კანონმდებლობა დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებულ სტანდარტებს აწესებს;

?  ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულება ქალებისა და კაცებისთვის არათანაბრადაა ხელმისაწვდომი, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას უმეტესად ქალები თმობენ;

?  ოჯახის საქმეებზე პასუხისმგებლობის აღება ძირითადად ქალებს უწევთ, ამიტომ რეპროდუქციულ ასაკში ისინი არაპროდუქტიულ თანამშრომლებად და ნაკლებად მიმზიდველ კადრად განიხილებიან;

?  ეს გარემოებები კი სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობაზე ნეგატიურად აისახება.

როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი პროგრესული ცვლილებები შევიდა, დედობის დაცვის თვალსაზრისით, კანონმდებლობას გაუმჯობესება სჭირდება.

❗  “ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის 183-ე კონვენციაც – დოკუმენტი, რომელიც შრომის ბაზარზე ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად საჭირო მინიმალურ სტანდარტებს ადგენს. შესაბამისად, მისი რატიფიცირება დასაქმებული დედებისა და მათი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 183-ე კონვენციის რატიფიცირებისა და კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციების მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებენ.

პოპულალურები