“ამ ვითარებიდან გამომდინარე, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ მკვეთრად გაუარესდა” – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა, თამარ მოსიაშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე შეზღუდვები სერიოზულ გავლენას მოახდენს განათლების სისტემაზე. უმთავრეს მიზეზად კი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემას ასახელებს.
სკოლებში სწავლა მხოლოდ დაბალ კლასებში იწყება, უმაღლესებში ისევ დისტანციურად გაგრძელდება
„ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს არც უწყვეტ ინტერნეტთან აქვს ხელმისაწვდომობა და სამწუხაროდ, არც ტექნოლოგიებთან. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შერეულ ფორმატის ან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც ინტერნეტი არ აქვთ. შეიძლება ეს უფრო თვალსაჩინო წლების შემდეგ გახდეს”- აცხადებს თამარ მოსიაშვილი.
სფეროს ექსპერტი მიიჩნევს, რომ ციფრული დაყოფა მოქალაქეების ნაწილს ერთის მხრივ განათლების მიღების მიღმა ტოვებს, მეორეს მხრივ, ვისაც ინტერნეტისა და ტექნოლოგიებთან წვდომის რესურსი აქვს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა ხარისხის განათლებაა მათთვის ხელმისაწვდომი.
“ჩემი ვარაუდით, განათლების ხარისხი უფრო შემცირდება. ჩვენ სოციალური არსებები ვართ, სწავლისთვის აუცილებლად გვჭირდება ერთმანეთი, შეიძლება ეს ონლაინსწავლების დროს შედგეს, მაგრამ ვერაინარიად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანთა ერთობას. ასევე, ვირტუალურად სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში ყველა საგნის შესწავლა რთულია.
ხარისხიან განათლებაზე საუბარი ცოტა სასაცილოდ მეჩვენება, ვამბობ ხოლმე, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი არის სტუნდეტები და მოსწავლეები არ დავტოვოთ განათლების მიღმა.“- განაცხადა თამარ მოსიაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც განათლების ექსპერტმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სასურველია პირველკურსელთათვის შერეული სისტემა ამოქმედდეს, რათა მათ უსაფრთხოების დაცვით, აუდიტორიებშიც ჰქონდეთ შეხვედრები.
“ამ ადამიანებმა საკმაოდ მძიმე პერიოდში დაამთავრეს სკოლა, ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და ასევე, სტრესის ფონზე ჩააბარეს ეროვნულები, ახლაც სწავლის ბუნდოვნად დაწყებაც პრობლემურია, რასაკვირველია…ჩვენ ვამბობთ, რომ სწავლას არ ვწყვეტთ, ეს არის კარგი, მაგრამ სირთულეებსაც უნდა გავუსწოროთ თვალი”- განაცხადა “ფორტუნას”ეთერში თამარ მოსიაშვილმა.
განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ციფრულ დაყოფაზე, ხოლო განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და პრობლემის მოგვარების რეალურ სამოქმედო გეგმაზე საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტობრიდან, 4 დიდ ქალაქში- თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახში, მშობლებს ექნებათ არჩევანის უფლება. მათ შეეძლებათ კვლავ დისტაცნიური სწავლების მეთოდი აირჩიონ.იგივე წესი შეეხება გორისა და ფოთის სკოლებს.
პირველი ოქტომბრიდან კვლავ დისტანციურად გაგრძელდება სწავლა თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში არსებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში.გარდა ამისა, დისტანციურად გაგრძელდება სწავლა აჭარაში არსებულ ყველა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში.