LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნიას განცხადებით, სკოლებში სწავლა კვლავ ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელდება

193
1

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიუხედავად, სკოლებში სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე არ გადავა და აქამდე არსებული ჰიბრიდული ფორმატი შენარჩუნდება. კვლავ არჩევითი იქნება რომელ ფორმატს აირჩევენ მოსწავლეები – დისტანციურ რეჟიმს, თუ საკლასო ოთახებში სწავლას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ სკოლები კარგად არის მომზადებული, პროცესი მართონ:

“სწავლება გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს, ჰიბრიდული რეჟიმით. სკოლები კარგადაა მომზადებული იმისთვის, რომ ეს პროცესი მართონ”, – განაცხადა გაბუნიამ.

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ მახარაშვილის თქმით, დღესაც ყველა მშობელს ეძლევა საშუალება, აირჩიოს დისტანციური სწავლების ფორმა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან:

“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ვინაიდან ბავშვის განვითარებისთვის ბუნებრივ გარემოში სწავლა არის უმნიშვნელოვანესი.

მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ახლაც ტარდება, რათა ჩვენ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში შევინარჩუნოთ. ორი წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება შეიძინეს სკოლებმა, მათ აქვთ ძალიან დეტალურად გაწერილი პროტოკოლი, რომელსაც მიჰყვებიან და ამ პროცესში ჩართულია ყველა: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრები და სკოლები. ყ

ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალური რესურსებით, თუმცა მთავარია, რომ ისინი არიან აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში.

როგორც თქვენთვის ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, დღესაც ყველა მშობელს ეძლევა საშუალება, აირჩიოს დისტანციური სწავლების ფორმა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებაც გრძელდება”, – განაცხადა მან.

პოპულალურები