LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, კოსმეტიკაში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და ასთმას იწვევს

1345
cos

კოსმეტიკაში, რომელიც საქართველოში იყიდება, აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს, ასთმას, კანისა და თვალების გაღიზიანებას იწვევს.

momxmarebeli.ge-s მიერ შემოწმებული 40 პროდუქტიდან ნივთიერება  ფორმალდეჰი ყველაში აღმოჩნდა. კვლევა საფრანგეთის ლაბორატორიაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტები თავდაპირველად პარაბენების იმ სახეობებზე შეამოწმეს, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

პარაბინები 5 მათგანში აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტითაა დამტკიცებული და არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ამ აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი ფორმალდეჰიდის შემცველობა საერთოდ აკრძალულია.

შემოწმებული პროდუქცია და მასში აღმოჩენილი ნივთიერებები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

„ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. არც საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.

ამავე დროს, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში.

ფორმალდეჰიდის ოდენობას რაც შეეხება, ჩვენს მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა.

ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მისი შემცველობის თავიდან აცილება სამომხმარებლო პროდუქციაში.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde and methylene glycol.

მოცემული კვლევა იმის მორიგ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უმეტესი ნაწილის სახელმწიფო კონტროლის დანერგვა,“ – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს განცხადებაში.

 

ამავე თემაზე: ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი – საშიში კოსმეტიკა თქვენს ჩანთაშია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები