LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი სიმპტომები მიანიშნებს ონკოლოგიურ დაავადებებზე – ონკოლოგი ნინო ხუფენია გავრცელებულ ჩივილებზე

267
ნინო-ხუფენია

შეიძლება თუ არა, ონკოლოგიური დაავადებების ამოცნობა სიმპტომებით, ამ კითხვაზე პასუხისას „კლინიკა პირველის“ კლინიკური ონკოლოგი ნინო ხუფენია ამბობს, რომ მხოლოდ სიმპტომით საუბარი რთულია. ექიმი ვრცლად საუბრობს გავრცელებულ სიმსივნეებზე და ასახელებს სიმპტომებს, რომლის დროსაც ის მოუწოდებს ყველას, დამატებითი კვლევების ჩატარებისკენ.

„ ეს ძალიან ვრცელი თემაა, რადგან თითოეულ ონკოლოგიას, თავისი ლოკალიზაციის მიხედვით, თავისი სიმპტომი აქვს, მაგრამ მოდით, გამოვყოფ იმ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს, რომლებზეც უკვე ვისაუბრე.

ძუძუს კიბოს შემთხვევაში, გამოვყოფ ქალთა პოპულაციას, რომელთაც აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომატოზური დაავადებები, მკვრივი სარძევე ჯირკვალი, ფიბროცისტული დაავადებები, ადრე (12 წლამდე) განვითარებული მენარხე, გვიანი (45 წელს ზევით) მენოპაუზა, ასევე ქალბატონებს, რომლებიც ხანგრძლივად არიან ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიაზე. ასეთ ქალბატონებს მცირედად აქვთ მომატებული ონკოლოგიური დაავადებების, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, ამიტომ მათ რეგულარული პროფილაქტიკური კვლევებისკენ მოვუწოდებ.

ძუძუს კიბოს შეიძლება ახლდეს შემდეგი სიმპტომები, ძუძუში განვითარებული წარმონაქმნი, ანუ კვანძის არსებობა ძუძუში, ძუძუს თავის ჩაბრუნება, ფერის ცვლილება, იღლიაში რაღაც გადიდებული წარმონაქმნის არსებობა, გამონადენი დვრილიდან. ჩამოთვლილი სიმპტომების უგულებელყოფა არ შეიძლება და დაუყოვნებლივ მოითხოვს სპეციალისტთან კონსულტაციას.

ჩვენს პოპულაციაში მეორე ადგილზე ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ამ შემთხვევაშიც გვაქვს ისეთი სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიექცეს, ეს სიმპტომები გახლავთ, თუნდაც ზოგ შემთხვევაში პალპირებადი კვანძი კისრის მიდამოში, ხმის ტემბრის შეცვლა, ტაქიკარდია, ადვილად დაღლა, ოფლიანობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს აუცილებლად დაავადების არსებობას, მაგრამ უფრო მეტი სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს.

ონკოლოგ ნინო ხუფენიას რჩევები, რომელიც 40 პროცენტით ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკებს – „სტუმრად ექიმთან“

რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათ შემთხვევაში, როგორც გითხარით, წამყვანი არის ფილტვის კიბო და ფილტვის კიბოს შემთხვევაში, სიმპტომები ძალიან გვიან იწყება. 70 %-ში დიაგნოსტირებაც იმიტომ ხდება გვიან სტადიაზე, რომ სიმპტომატიკა არ ახასიათებს. პაციენტებს, ვინც აქტიური მწეველები არიან ფილტვის კიბოს განვითარების რისკი აქვთ. დავაკონკრეტებ, რომ მწეველობა წელიწადში 20 კოლოფი სიგარეტის მოწევით ითვლება. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს ფილტვის კიბოს სკრინინგი, მაგრამ მსოფლიოში არსებობს. ჩვენს ქვეყანაში არსებობს შესაძლებლობა დაბალ დოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების და იმ მამაკაცებს და ქალბატონებს, ვინც აქტიური მწეველები არიან, ვისაც აქვთ პროფესიულ შეხება მავნე ნივთიერებებთან, მათ, ვისაც აქვთ ოჯახური ანამნეზი ფილტვის კიბოსი, ამ კვლევის ჩატარებისკენ მოვუწოდებ. აღნიშნული კვლევის ჩატარება კლინიკა „პირველშიც“ არის შესაძლებელი. რაც შეეხება ფილტვის კიბოს სიმპტომებს, ეს გახლავთ ხველა, ზოგჯერ სისხლიანი, ადვილად დაღლა, ქოშინი, ზოგადი სისუსტე, წონაში კლება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს სიმპტომები რიგ შემთხვევაში უკვე გვიან სტადიას ნიშნავს და ამ დროს დაავადება უკვე შორს არის წასული.

რაც შეეხება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს, ამ შემთხვევაში ისეთი სიმპტომებია ყურადსაღები, როგორიც არის დიზორიული მოვლენები, ძირითადად შარდვასთან დაკავშირებული მოვლენები, რომელიც სხვათა შორის მამაკაცებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწუხებთ ხოლმე, თუმცა არ აქცევენ ყურადღებას, ამიტომ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთ-ერთი ისეთი სიმპტომი, რა შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

ნაწლავის კიბოს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია წონაში კლება, როცა ადამიანი ჩვეულებრივად იკვებება, მაგრამ თვეების განმავლობაში ვითარდება წონის დეფიციტი, რასაც ეტაპობრივად თან შეიძლება ახლდეს სისუსტის განვითარება, მადის დაქვეითება, კვების შემდეგ დისკომფორტი, არარეგულარული ნაწლავის მოქმედება. ყველა ამ სიმპტომის დროს აუცილებელია ექიმთან, სპეციალიზებულ კლინიკაში ვიზიტი და დამატებითი კვლევების ჩატარება.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ სიმპტომების არსებობა, აუცილებლად ონკოლოგიურ დიაგნოზს არ ნიშნავს, უბრალოდ ამ სიმპტომებმა უნდა გვიბიძგოს დამატებითი, გაღრმავებული კვლევებისკენ, რომლითაც უნდა გამოირიცხოს ონკოლოგიური პათოლოგიების არსებობა“ – განაცხადა ნინო ხუფენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები