LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმსივნესთან გამკლავების პირველი რაუნდი დაიწყო და თქვენი დახმარებით, ამ ორთაბრძოლას მოვიგებ“ – ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი საზოგადოებას ემოციური პოსტით მიმართავს

240
ირმა კახურაშვილი

ჟურნალისტი, ირმა კახურაშვილი, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ირმა სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრება, რისთვისაც მას საკმაოდ დიდი თანხის მობილიზება მოუწია. ჟურნალისტი მადლიერების ნიშნად სოციალურ ქსელში ემოციურ გზავნილს აქვეყნებს.

„როცა ამ ორშაბათის შუადღის ცას თვითმფრინავი გააპობს, იცოდეთ, რომ თქვენი დახმარებით, იქ შვილთან ერთად მეც ვიჯდები და სწორედ იმ წამს, როდესაც თქვენ ცას ახედავთ, ვიტყვი: მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც არ დამთმო, როგორც საკუთარი და, მეგობარი ან შვილი, ან ნათესავი, ან თანამშრომელი, ან ბავშვობის დროინდელი მეზობელი, კლასელი ან „ფეისბუქფრენდი“. მადლობა ყველას, ვისაც გული აუფრიალდა იმის წარმოდგენით, რომ შეიძლება უცბად აღარ ვიყო. დიდი მადლობა ჩემი ბავშვების საახლობლოს.

მჯერა, სიკეთე და თანადგომა ატრიალებს დედამიწას და ეს როგორ არ დავიჯერო, თუკი მთელი კვირა, ჩემი მეგობრების აქტიურობით, ცდილობდით იმ თვითმფრინავში ჩაგესვით, რათა თურქეთამდე მიმეღწია – იქ ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ დავრჩე ფუნქციურ ადამიანად, რომელიც სამკურნალო კურსის მერე ექიმებსაც გულში ჩაიკრავს და ალბათ ენის ბორძიკით, ხან ქართულ და ხანაც თურქულ ენაზე ათას მადლობას ეტყვის.

ვინც ჩემზე იზრუნეთ ამ კვირის განმავლობაში, მეც ჩაგსვამდით თვითმფრინავებში და გაგამგზავრებდით იქ, სადაც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ უქმეებს გაატარებდით. ეს იქნებოდა ჩემი საჩუქარი თქვენდამი. მაშინ ქართულ ცას ათასობით საჰაერო ხომალდი გადაკვეთდა, მიწაზე დარჩენილები კი ფოტოკამერებს მოიმარჯვებდნენ და თეთრად დაზოლილ უჩვეულო ცას გადაიღებდნენ, სახსოვრად.

სიმსივნესთან გამკლავების პირველი რაუნდი დაიწყო და თქვენი დახმარებით, ამ ორთაბრძოლას მოვიგებ.
მო-ვი-გებ!“ – წერს ირმა კახურაშვილი „ფეისბუკზე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები