სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება. თუ არ ვცდები, ხელშეკრულება შარშან დაიდო და ველოდებით ვერტმფრენების მოწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ყველა სამაშველო ამოცანა შესრულდა.
„დღეს საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელი ბრიფინგზე საუბრობდა, როგორ მოხდა ვერტმფრენების მობილიზება, ვერტმფრენები რომ ადგილზე იყვნენ და დღის განათებაში სამი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. სპეციალური დრონებია, მათ შორის სითბური, სენსორებით აღჭურვილი, რომლებიც მთელი ღამე მუშაობდნენ. ასე რომ, ყველა დასახული სამაშველო ამოცანა შესრულდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ვერტმფრენების შეძენა 2015 წლიდან დღემდე, პაპუაშვილმა აღნიშნა:
„თქვენი ინტერესი ვერტმფრენები თუ არის, დამატებითი ვერტმფრენები შეძენილია. წესით, ეს უნდა გაკმაყოფილებდეთ. მგონი, საკითხის არსს ვერ წვდებით. საკითხი იმიტომ გაინტერესებთ, რომ ცდილობთ, მანიპულაციურად დაუკავშიროთ სტიქიას. თუ გაინტერესებთ, არის თუ არა ქვეყანაში ვერტმფრენები, საკუთარი თვალითაც იხილეთ ვერტმფრენები, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. საკითხის სტიქიასთან დაკავშირება აბსოლუტური მანიპულაციაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.