LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგვიძლია თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ექსტრადირება მოვითხოვოთ?

214
5399382A-E113-415F-AE46-E49587B985C2-w1023-r1-s

დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ ექიმს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს მოქალაქის დასაცავად და მისი უკანონი პატიმრობისგან დასახსნელად, ამ კითხვით რადიო “ფორტუნა” ადვოკატებს დაუკავშირდა და მათი არგუმენტები მოისმინა. უფლებადამცველები საქმეში ქართველი ადვოკატების ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

„არის საკითხები, რომლითაც სამართლებრივად შესაძლებელია უფრო მეტი სიკეთე მიიღო, ვიდრე ფორმალური თვალსაზრისით. ქართული მხარე უნდა ეცადოს, რომ საქმეში ქართველი ადვოკატი ჩართოს. თუმცა, რადგან ეგრედ წოდებულ სამხრეთ ოსეთს არ ვაღიარებთ, ჩვენები ოფიციალურ წერილს არ უგზავნიან, რათა პროცესში ქართველი უფლებადამცველი ჩაერთოს. მეტი სამართლებრივი სიკეთე ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებია და არა ქაღალდომანია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციით, ქართველი ადვოკატის საქმეში აქამდე ჩართვა არ მოხერხდა, რადგანაც სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად არ აღიარებს. ასოციაცია ამის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ ადვოკატების სურვილია, რომ ჩავიდეთ და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, – აღნიშნავს ალექსანდრე კობაიძე.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილი დროზე ადრე გაათავისუფლონ, კობაიძე აცხადებს, რომ ეს სრულიად დასაშვებია.

„სამხრეთ ოსეთში ისევ საბჭოთა დროინდელი კოდექსით მოქმედებენ, ამის მიხედვით კი გაფრინდაშვილის დროზე ადრე გათავისუფლება შესაძლებელია“.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს

ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენი მოქალაქის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით დეფაქტო ხელისუფლებას მივმართოთ, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს არასწორი იქნება.

“ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ექსტრადირება და ექსტრადაცია სხვა ქვეყნიდან ჩვენი დაკავებული მოქალაქის გადმოცემას ნიშნავს. მაგრამ ვინაიდან ის მხარე სხვა ქვეყანა კი არა, საქართველოა, ექსტრადირებაზე საუბარი ზედმეტია. მაშინ გამოდის, რომ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას ვაღიარებთ, რაც გამორიცხულია! ოკუპირებული ტერიტორიიდან პიროვნება რომ გადმოვიყვანოთ ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, თუ კი რამე გაგვაჩნია. თავისთავად ცივილურად და კანონის ფარგლებში, სისხლისღვრა რომ არ მოყვეს“, – აცხადებს იოსებ ხარატიშვილი.

ადვოკატი კობა კობახიძე ფიქრობს, რომ მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქის დაცვაა.

„ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ადვოკატმა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკას ოფიციალურად მიმართოს. განვმარტოთ, რომ საერთაშორისოდ მიღებული ნორმების საფუძველზე ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა გვინდა. მე პირადად მზად ვარ, რომ ასე გავაკეთო. თუმცა ეს მათი დამოუკიდებლობის აღიარება არ არის. რადგანაც ჩვენს მოქალაქეს უჭირს, ჯობია რომ იმათი კანონის შესაბამისად მოვიქცეთ, რათა მოქალაქე დაცული იყოს – მთავარი პრიორიტეტი ეს არის.

მე შემიძლია, როგორც ადვოკატს მივწერო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრს, რომ მოგვცენ ნება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქის ინტერესები. ეს ჩვენი მხრიდან ოსი ხალხისა და რუსეთის მიმართ ძლიერი გზავნილი იქნება და უარის შემთხვევაში მათი ხელისუფლებისათვის დიდი დარტყმა იქნება“, – კობა კობახიძე.

mazda magti 5g