გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილიდან კვლავ განაახლეს.
შაბათ-კვირის შესვენების შემდეგ, უკვე ორი დღეა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და რკინის ბოძების დამონტაჟება, აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველებიც.  

გუგუტიანთკარში დღეს პირველად ჩავიდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე შექმნილ ვითარებას ეცნობა.

“რუსეთი ოკუპანტია და ეს პროცესი ამისი ერთ-ერთი დადასტურებაა. რუსეთი დამატებით ახდენს ჩვენი მიწების ოკუპაციას, რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ვიცით ყველაფერი რაც სჭირდებათ,” – აცხადებს გუბერნატორი.

შეგახსენებთ, გარდა მიწებისა, რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ახალუბნიდან და მეჯვრისხევიდან ბოლო კვირაში საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო კვლავ პატიმრობაში არიან.
გატაცებულთა მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვთ ადგილობრივებს. ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ, კვლავ შეუძლებელია დაკავებულებთან სატელეფონო კომუნიკაციაც.
გუბერნატორის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაკავებულების გასათავისუფლებლად.

გორის მერი: ყველა უწყება ჩართულია, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები