ცხელი ჩაი, ან ჭიქა ღვინო,თბილი პლედი, სასიამოვნო მუსიკა და ფერადი გარემო… შემოგვეპარა სუსხიანი და რომანტიკული შემოდგომა და ამ სეზონზე მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ ნამდვილად საოცნებო და მიმზიდველია უამრავი ლოკაციით, სადაც ოქროსფერი შემოდგომის შეგრძნება მთელი თავისი არსებითა და სურნელებით შეგიძლიათ. „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში რამდენიმე ასეთ ფერად ადგილზე სამოგზაუროდ გეპატიჟებით,სადაც სასიამოვნო განტვირთვა და ფერადი ფოტოსესია შეგიძლიათ მოაწყოთ.

წინანდალი

მათ, ვისაც წინანდალი შემოდგომით ჯერ არ უნახავს, სჯობს ამ ფაქტის გამოსწორებაზე იზრუნოს,რადგან აქ ნამდვილი ფერების კორიანტელი გელით. წინანდლის ბაღი 18 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც სუბტროპიკულ, სამკურნალო და ტექნიკურ მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური მცენარეებიც ჩინეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან. ეს გარემო და ფერადი ფოთლების საფარი ფოტოსესიისთვის საუკეთესო ადგილია.

საბადურის ტყე

საბადურის ტყე მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია. თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარე ზღაპრული ადგილი შემოდგომის ფერად ფესტივალზე გეპატიჟებათ. ოქროსფერი ფოთლებით დათოვლილი ტყე აუცილებლად მოგწყვეტს რეალობას.

ბატეთის ტბა

ქარელში მდებარე ბატეთის ტბა ზაფხულის ნოსტალგიას წამიერად გაგიქრობს და როგორც არ უნდა გენატრებოდეს ცხელი დღეები, ამ ადგილის ნახვის შემდეგ აუცილებლად იტყვი, რომ შემოდგომა ყველაზე ლამაზი სეზონია.თუ გსურთ მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში, ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს მოლოდინს. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, თანაც მისასვლელადაც საკმაოდ მარტივს. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ბატეთის ტბისადმი განსაკუთრებული ინტერესი.ფერადი შემოდგომა კი ტბის გარშემო ნამდვილი სანახაობაა.

შაორის ტბა

რაჭისკენ მიმავალი წყალსაცავს ისე ვერ ჩაუვლით, თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ,განსაკუთრებით კი ფერადი შემოდგომის სეზონზე. შაორი სულიერ სიმშვიდეს მოგგვრის და ეს განცდა დიდი ხნის განმავლობაში გაგყვება. ამასთან ერთად, შემოდგომაზე წყალსაცავი ნაირფერ ხეებს ირეკლავს და საუცხოო ლოკაცია ფოტოსესიისთვის.

გომბორის უღელტეხილი

გამორჩეულად ფერადი და პოპულარული ადგილი ამ სეზონის ფოტოსესიებისა და გასეირნებისთვის. ეს გომბორის უღელტეხილია,რომელიც წლის ნებისმიერ დროს ლამაზია, თუმცა ვიზიტორების უმრავლესობა უპირატესობას მაინც შემოდგომის გომბორს ანიჭებს. თბილისთან ახლოს, სულ რაღაც საათნახევრის სავალზე შეგიძლიათ დაუვიწყარი ფერები აღბეჭდოთ და სასიამოვნო განტვირთვა მოიწყოთ. რა თქმა უნდა თელავისკენ მიმავალ გზაზე უღელტეხილის გარდა მრავალი ღირსშესანიშნაობა და შემოდგომის ფუნჯით შეღებილი გარემო გელით.

გუდამაყარი

განსაკუთრებულია შემოდგომის სეზონი გუდამაყარშიც. გასვლითი ტური და ფერადი ფოტოსესია ჟინვალის წყალსაცავთან, ანანური, თეთრი და შავი არაგვის შესართავი,სოფელი დუმაცხო და სურვილისამებრ კიდევ ბევრი სანახაობა ამ სეზონის შეგრძნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა.

სიონი

ზღვის დონიდან 1000 მეტრზე კიდევ ერთი პოპულარული ლოკაცია გელით რომანტიკული შემოდგომის ვოიაჟისთვის. ეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სიონია. დედაქალაქიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მთებსა და ფერადი ტყის საფარში ჩაფლული სიონის წყალსაცავი გელით. ლურჯად მოლივლივე წყალი, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო მრავალ დამსვენებელს იზიდავს.

საფარა

კიდევ ერთი მხარე საქართველოში,სადაც არაერთი ადგილია ფერადი შემოდგომის დღეების გასატარებლად და ულამაზესი ხედების ფოტოებზე აღსაბეჭდად. ეს სამცხე ჯავახეთია. უამრავ ლოკაციას შორის აქ მდებარე საფარის მონასტერსა და მისკენ მიმავალ ტყიან უღელტეხილს გამოვყოფ. მონასტერი სოფელ ღრელთან ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა აღმართული. გზა არაა რთული სანახაობა და ფერები კი ჯადოსნური და ნამდვილად დამატყვევებელია. გამორჩეული ფოტოსესიისთვის ნამდვილად გირჩევთ ეს სეზონი არ გამოტოვოთ და საფარას ეწვიოთ.

Ad desktop banner Ad mobile banner

მარიდეა გელაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები