LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუსრულებელი დაპირება N … – რამდენჯერ თქვა სააკაშვილმა, რომ ბრუნდება

206
მიშა ჩამოვარ

„ჰაერით, ზღვით თუ ხმელეთით აუცილებლად დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში“.

ეს სიტყვები საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ის საქართველოდან 2012 წელს წავიდა, თუმცა სიტყვები „მე დავბრუნდები“, ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი.

განხორციელებული დაპირება კი ჯერ არ გვინახავს.

მართალია, პოლიტიკოსები დანაპირებს იშვიათად ასრულებენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ ამჯერად, მისი გადაწყვეტილება ურყევია და ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ მისი დროში გაწელილი დაპირება, ერთ დღესაც ასრულდება.

ცხრა წლის განმავლობაში, უკვე, სათვალავიც აგვერია, რამდენჯერ დაგვპირდა. საქმე იმაშია, რომ ვინც დაითვალა, ვერც ისინი თანხმდებიან ზუსტ რიცხვზე.

ზოგი ამბობს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ასეთი დაპირება 20-ჯერ გასცა.

ზოგიც ამბობს, რომ მისი ნათქვამი „დავბრუნდები“ მხოლოდ  15-ჯერ მოვისმინეთ.

ამჯერად კი, როცა 2021 თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვეც არაა დარჩენილი, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაანონსა ჩამოსვლა და საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკოსმა, მის ამ განცხადებას ფრთიანი ფრაზა მიუძღვნა.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ როგორც ჩანს, დაითვალა სააკაშვილის დაბრუნებაზე გაკეთებული დაპირება და მისი მონაცემებით, ეს რიცხვი  37-ია.

სააკაშვილის დაპირება, რომელიც დროში ცხრა წელი გაიწელა, აქტუალობას არ კარგავს.

მოკლე ისტორიული რაკურსი  ასეთია: 

2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან მალევე მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით მან საქართველოს მოქალაქეობა დათმო, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორობა ჩაიბარა.

თუმცა, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ურთიერთობები დაეძაბა და პოსტი დატოვა.

სააკაშვილმა უკან დაბრუნების შესახებ პირველად 2014 წლის 22 მარტს განაცხადა, როდესაც ის საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს.

„მე საქართველოში პუტინის ოცნების ასახდენად არ ჩამოვალ, ჩამოვალ იმისთვის, რომ პუტინის სურვილის აღმსრულებლებისგან გავათავისუფლო“, – თქვა მან.

სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. იმავე წლის 28 ივლისს პროკურატურამ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე კვლავ დაიბარა, თუმცა სააკაშვილი არც ამჯერად გამოცხადდა.

ამავე დღეს, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სააკაშვილის მორიგი დაპირება 2016 წელს მოვისმინეთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იგეგმებოდა…

მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ ყველა მათგანის გახსენებით, უბრალოდ ჩამოვთვლით:

მისი დაპირება მოვისმინეთ 2017 წელს.

2018-შიც … 2018-ში ორჯერ .

გვითხრა, რომ ჩამოდიოდა 2019-ში. გეგმებზე დაწვრილებით ისაუბრა და თქვა, რომ ყვარელში მის ვენახში მუშაობა მოენატრა.

2019 წელს რამდენჯერმე თქვა სხვადასხვა ეთერით, რომ ჩამოვიდოდა.

2020 წელზე ოდნავ დიდხანს მოგვიწევს შეჩერება, რადგან მისგან „დავბრუნდების“ გარდა მოვისმინეთ „ბოდიში“.

„ბოდიშს ვიხდი შეცდომების გამო… მე ვბრუნდები“. – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

„თუ ოპოზიცია იტყვის, რომ ჩამოვიდე, პირველივე რეისით ჩამოვალ“, –  თქვა მან  2020 წლის პირველ ნოემბერს.

2020 წლის 15 ნოემბერს კი განაცხადა: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.

2021 წელს კი უკვე სამჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოვა.

საკითხავია, რა მოხდება თუ მიშა საქართველოში ჩამოვა?

თუ მესამე პრეზიდენტი დაბრუნდება, მას საზღვარზე საქართველოს კანონმდებლობით დაკავება ელოდება. ეს იუსტიციის მინისტრს და მმართველი გუნდის წევრებს არაერთხელ უთქვამთ.

თავად სააკაშვილი ამბობს, რომ დააპატიმრების არ ეშინია, რადგან დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი მას გაათავისუფლებს.

გულწრფელად რომ გითხრათ, გამიჭირდა დათვლა, რამდენჯერ გვითხრა, რომ ბრუნდებოდა. ვინც ამ შემთხვევაში ამბობს, რომ ზუსტად იცის, რამდენჯერ დაგპირდა, ვერც ის იქნება ბოლომდე დარწმუნებული თავის სიმართლეში.

ფაქტია, ცხრა წლიანი დაპირება, ამ დრომდე, შეუსრულებელ მისიად რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები