საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების მე-5 თვე იწურება. უკან დახევას არც ხელისუფლება აპირებს და არც ოპოზიცია. სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ რუსეთი სარგებლობს თითოეული დღით, რომელსაც ოპოზიციური ლიდერები ციხეში ატარებენ და როდესაც პარლამენტი ცარიელია.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.

ერთხელ შეუსრულებელი მისიის შემდეგ  დანიელსონის საქართველოში დაბრუნება რამდენად შეიძლება წარმატებული გახდეს, იქნება თუ არა ყოფილი პრემიერის დაბრუნება გარდამტეხი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებაში და როგორია ქართული პოლიტიკის ბუნდოვანი კონტურები – ამის  გარკვევას „ფორტუნა“ ექსპერტებთან შეეცადა.

 

სენატორების მოცემული ბოლო შანსი

 

„სენატორების განცხადება არის კიდევ ერთი შანსი. ქვეყანაში  პოლიტიკური ვითარება არის შემაშფოთებელი და მაღალი რისკის შემცვლელი. სენატორები  მოუწოდებენ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, გონს მოეგონ და  პოლიტიკური ჭიდაობის ჭრილში აღარ აცხოვრონ ქვეყანა,  პრიორიტეტი მიანიჭონ იმ დიდ რისკებს, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ამერიკული პოლიტიკა არ არის ჯერჯერობით ისე განწყობილი, რომ ხისტი პოზიციები გაატაროს საქართველოსთან მიმართებაში.  შეიძლება ითქვას, მოწოდების რეჟიმში არიან. მაგრამ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.  სამწუხაროდ კარგი არაფერი ხდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ბოლო მცდელობა, რომ  ყველაფერი დალაგდეს“, – ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება: შარლ მიშელი

 

რატომ ჩამოდის დანიელსონი მეორედ 

 

„კრისტიან დანიელსონმა შეიძინა გარკვეული გამოცდილება და გასაგებია, რომ მეორედ არ ჩამოვიდოდა, შერიგების  გარკვეული გეგმა რომ არ ჰქონდეს ევროპას. ევროპა უნდა იყოს ძალიან ხისტი. ახლა იმის დრო, რომ კიდევ ჩამოვიდეს და შეეცადოს, რომ  ხელისუფლება უბრალოდ დასვას და ერთმანეთთან ალაპარაკოს, არ გვაქვს. დანიელსონი უბრალოდ არ ჩამოდის, მას უნდა ჰქონდეს თავისი სამგზავრო რუქა, ევროპელებმა უნდა გამოიყენეონ, ე.წ. რბილი ძალა,  მხარეების იძულება“ . – განმარტა ექსპერტმა.

 

იძულების რა ბერკეტი აქვს ევროპას 

 

„მხარეების შესარიგებლად ბერკეტი აქვს ევროპას. დაწყებული დახმარებების შეჩერებით… პირადი კეთილდღეობისთვის პრობლემების შექმნით დასრულებული. მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის პირადი კეთილდღეობა ევროპაშია უზრუნველყოფილი.  დაპირისპირების დასრულების ბევრი მექანიზმი არსებობს და გარკვეული პრობლემების შეჩერება შესაძლებელია.

რომელმა უნდა დათმოს და რომელმა არა, ამაზე საუბარი აღარაა. აქამდეც უნდა დაეთმო ორივეს. მაგრამ რადგან ამას არ აკეთებენ, დათმობაზე საუბარი აღარაა. ევროპულმა მხარემ უნდა დადოს შეთანხმების თავისი ვარიანტი და უნდა აიძულოს მხარეები, რომ ამაზე მოაწერონ ხელი“. – ამბობს ხუხაშვილი.

 

რას შეცვლის გახარიას დაბრუნება

 

„გიორგი გახარია ელექტორალურად შეიძლება, საინტერესო იყოს და ბევრი მხარდამჭერი  გამოუჩნდნეს. მაგრამ კრიზისის განმუხტვის ელემენტად მე მას ვერ მოვისაზრებ. დავიწყოთ იქიდან, რომ ოპოზიცია, რომელიც ზის ამ მანქანასთან, გახარიას არ ენდობა, ეს სრულიად აშკარაა. მეორე მხარე დაბნეულია გახარიასთან მიმართებაში, ვერ გაიგეს გახარია მათთან ერთად საქმეშია თუ არა. შესაბამისად გახარია, როგორც მედიატორი ამ საქმეში, ან კრიზის მენეჯერი, უბრალოდ წარმოუდგენელია. აქ არსებობს გარკვეული კითხვები. გახარიას  მოუწევს გარკვეული განსაწმენდელის გავლა და როგორ გაივლის ამას, ჯერ კიდევ ვნახავთ“, – განმარტა ხუხაშვილმა.

სენატორი რონ ჯონსონი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა

 

გამოსავალი პოლიტიკური კულტურის ამაღლებაშია

 

„ამერიკელი სენატორების მხრიდან მოსალოდნელი იყო კრიტიკა.  ჯიმ შაჰინს საქართველოს ხელისუფლების მისამართით არაერთი კრიტიკა გამოუთქვამს.

აშშ-ს რომელსაც საქართველოს მიმართ გააჩნია თავისი ინტერესები, მათ აინტერესებს, რამდენად შეძლებენ ქართველები დემოკრატიული პრინციპების დაცვას და რამდენად  შევძლებთ, ევროატლანტიკური კურსის არგადახვევას.

კრიტიკა აუცილებელია, იმიტომ რომ მის გარეშე საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის, რომ საქმე მოგვარებული აქვს.

სანქციებს მოკლევადიან პერსპექტივაში ჯერ არ უნდა ველოდოთ. იმიტომ, რომ როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ-ი არ დაიშურებენ მონდომებას, რომ მმართველმა ძალამ და ოპოზიციამ კომპრომისს მიაღწიოს.

ჩემი აზრით, აშშ გააკეთებს გარკვეულ დათქმებს, რომ აუცილებელია, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს დასავლეთის სტანდარტები…

ევროკავშირი ცდილობდა, გარკვეულ შეთანხმებას, მაგრამ არ იყო რეალური შეთავაზებები, როგორც ხელისუფლების, ასე ოპოზიციის მიმართ.

 გამოსავალი იქნება, რომ არჩევნები გაიმართოს 2022 წელს პროპორციული სისტემის ფარგლებში და ამ შემთხვევაში ოპოზიცია შევა პარლამენტში. მგონია, რომ შესაძლებელია, რაღაც კონსესუსი იყოს მიღწეული. თუ ეს არ მოხდება რამდენიც არ უნდა ჩამოვიდეს გინდ ევროკავშირის წარმომადგენელი და გინდ აშშ-ს წარმომადგენელი, რაიმეს მიღწევა რთული იქნება.

ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ სავარაუდოდ მათ გაუჩნდათ შესარიგებლად ხელჩასაჭიდი რამ. ეს ევროკავშირის პრესტიჟის ამბავიცაა. როგორ  ვერ  უნდა მოაგვაროს პრობლემა.

პრობლემა მაშინ მოგვარდება, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ამაღლება. ამას ჩემ თავსაც ვუკავშირებ. მეც მომეთხოვება, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, რომ პოლიტიკური კულტურა ავიმაღლო. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ ვართ კანონმორჩილი ხალხი და შრომის ნაყოფიერება ჩვენთან დაბალია“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.

 

 უნდა ჩამოვწეროთ სახელები და მივაწეროთ 2 პლიუსი, ვინც მეორედ მოვიდა

 

„მკვლელსა და მოკლულს შორის, რა მედიაციაზე  შეიძლება, რომ იყოს საუბარი?

შესაბამისად თუ მოლაპარაკება არ მოხდება და მე მეეჭვება, რომ მოხდეს, ვინც იქნება სიკვდილის პროცესში დამნაშავე, იმაზე უნდა დადგეს პასუხისმგებლობა.

ამ შემთხვევაში „მკვლელი“ ერთნაირად შეიძლება იყოს –  როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია.

მედიატორებმა გადახარშეს გამოცდილება და რაღაც რეკომენდაცია ალბათ შეიმუშავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ხელახალი დაბრუნება, ქართული სამზარეულოს სიყვარულით შეიძლება, რომ აიხსნას.

ჩვენ ალბათ უნდა ჩამოვწეროთ სახელები და მივაწეროთ 2 პლიუსი, ვინც მეორეთ მოვიდა. ასეთი უკვე ბევრი გვიგროვდება.

დანიელსონიც მეორედ მოსვლისთვის ემზადება და ისიც კანდიდატია ამ შემთხვევაში. გახარიას მეორედ მოსვლა კი შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს შერიგების პროცესში.

ყველა ადამიანს პოლიტიკაში  სჭირდება მყარი ადგილი.  რა თქმა უნდა, პარლამენტის სავარძელი მყარია.

ქუჩაში დარჩენილ პოლიტიკოსებს ასეთი გარანტია არ აქვთ. თუ პოლიტიკური სპექტრი რეიტინგული პარტიებით შეივსო, ქუჩაში მყოფი პარტიები შეიძლება ქუჩაში დარჩნენ. მათი, როგორც პოლიტიკოსების  წონა, მოსახლეობის თვალში შეიძლება ძალიან დაეცეს.

თუ დანიელსონმა კიდევ ვერ შეგვარიგა, გამოდის, რომ ხინკალი უნდა მოვიმარაგოთ, რაც შეიძლება ბევრი“, – ამბობს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

 

სხვა ძალის მოსვლა აუცილებელია

 

„თავის დროზე იყო ასეთი ანეგდოტი. სომხეთის რადიოს ეკითხებიან, როგორ გამოვიდეს საბჭოთა კავშირი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან – კრემლის ან  სპასკის ჭიშკრიდან, ან ბოროვიცკის ჭიშკრიდანო, იყო პასუხი. ჩვენ შემთხვევაშიც გამოსავალი ერთია – სხვა ძალა უნდა მოვიდეს.

როდესაც გახარია წავიდა, ვამბობდი, რომ მან საინტერესო რამ შეიძლება შემოგვთავაზოს. მთავარია, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ფული იშოვოს. (მე რომ ფული მქონდეს, მეც გავაკეთებდი პარტიას).

ცოლ-ქმარს არიგებენ ხოლმე, მაგრამ სირცხვილი ისაა, რომ კრისტიან დანიელსონი იქნება, შარლ მიშელი თუ სხვა ვინმე, მის გარეშე ლაპარაკი არ შეგვიძლია. ეს სრული ინფანტილიზმია. მეუღლესთან დაჯდეთ და მედიატორი მოიყვანოთ სალაპარაკოდ? უხერხულია.

მოლაპარაკებაში ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი გზა. თუ არ გაქვს უკან დასახევი გზა, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან მოლაპარაკება მხოლოდ კომპრომისის გზით შეიძლება რომ წავიდეს“.

როგორ შეიძლება განვითარდეს, მოვლენები, ეს უკვე შეგიძლიათ ლელა კაკულიას ჰკითხოთ – ამბობს ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე.

 

“ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები და მოიხსნა ელექტრონული სამაჯური, უდანაშაულო არავინაა” – ჯორჯ კენტი

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები