უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ ასეთი გაერთიანებები არანაირ შედეგს არ იძლევა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა “გირჩი-მეტი თავისუფლების“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და “დროას“ გაერთიანების თაობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია მონათესავე სულები არიან.
„ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე, რადგან საბოლოო ჯამში ეს სამივე ადამიანი მონათესავე სულები არიან, ერთი წიაღიდან მოდიან. ადამიანებს, ვისაც ცვლილებები სურს, არ სჯერა, რომ ესა ხალხი, ვინც ერთი წიაღიდან მოდის, რომლებიც ხან ერთიანდებიან, მერე იშლებიან, მათ შეუძლიათ რაღაც სერიოზული ცვლილებები გამოიწვიონ ამ ქვეყანაში. ჩვენ ხომ ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენი პარტია გაერთიანდა, სხვებიც კი დაიმატეს, მაგრამ ამან იქონია ის ეფექტი, რაც უნდა ჰქონოდა? მით უმეტეს დაანონსებული იყო რეფერენდუმი და რაღაც ათასი სიგიჟე კიდევ. ხომ არ გამოვიდა? ამიტომ უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ ასეთი გაერთიანებები არანაირ შედეგს არ იძლევა. ეს ადამიანები ყველანი რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდნენ ისევ ან „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამათ დაემატოთ, საბოლოო ჯაში მათი ამომრჩეველი არ გაიზრდება. ეს არის შეზღუდული ამომრჩეველი, რომელსაც ერთმანეთში თუ გადაინაწილებენ თორემ დამატების რესურს მე ვერ ვხედავ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.