LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარლამენტს მოუწოდებს, შეიქმნას კომისია, რომელიც სუს-ის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს შეისწავლის

101
1

“მივიჩნევთ, რომ გავრცელებული მასალა ადამიანების უკანონო, რეგულარული და ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის უმძიმეს პრაქტიკას აჩვენებს. ჩვენი შეფასებით, ეს ფაქტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეში ხელყოფაა და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიური განვითარების შესაძლებლობებს.” – აღნიშნულ განცხადებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს. 

?  ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

◾  შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიკვლევს სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს;

◾  დაიწყოს მსჯელობა სუს-ის ფუნდამენტურ რეფორმაზე, მისი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციასა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაზრდაზე.

?  ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას:

◾  მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება და გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია.

ორგანიზაციაში კონკრეტულ ჩანაწერებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარემოებები აძლიერებს ეჭვებს – გავრცელებული კადრები ნამდვილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იწერებოდა და ის დროულ, ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს:

“ჩვენმა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა ცალკეული მონაცემები და ინფორმაცია გავრცელებული დოკუმენტებიდან, რომელიც აჩვენებს, რომ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობის პროცესში ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორისა და თანამშრომლის პირადი კომუნიკაცია სხვადასხვა პირთან, სავარაუდოდ, რეგულარულად ისმინებოდა, დოკუმენტირდებოდა და ინახებოდა ორგანიზაციის დაარსების პირველივე წლებიდან. ფიქსირდება არა მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით შესაბამის პირებთან კომუნიკაციის ჩაწერა, არამედ პირად წრესთან კომუნიკაციის ჩაწერაც.

ამასთან, ჩანს, არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის ჩაწერა, არამედ, სავარაუდოდ, ჩვენი გადააადგილების თვალთვალიც. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჩვენი ადვოკატის მის მარწმუნებლებთან კომუნიკაციის ჩაწერა და კონფიდენციალობის პირობის და გარანტიების უხეში ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ჩვენთვის გაზიარებული მასალები აჩვენებს, კონტროლი ჩვენს თანამშრომლებზე ატარებდა დეტალურ, ყოველდღიურ და ხანგრძლივ ხასიათს. ეს გარემოებები აძლიერებს ეჭვებს, რომ გავრცელებული კადრები ნამდვილად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იწერებოდა და ის დროულ, ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.” – აცხადებენ”სოციალური სამართლიანობის ცენტრში”.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არა მხოლოდ უკანონო ჩაწერისა და მიყურადების გამოცდილება, რომელიც ამ უწყების კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკასა და სამწუხარო ტრადიციას წარმოადგენს, არამედ პირადი ინფორმაციის არასაკმარისი დაცვის პრობლემაც.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში ასევე მიჩნევენ, რომ, მათი აზრით, სუს-ის მართვის არსებული პრაქტიკები იმდენად შეზრდილია პოლიტიკური ხელისუფლების პარტიულ ინტერესებს, რომ ფრაგმენტული რეფორმები ან გამოძიების წარმოების იზოლირებული ფაქტები სისტემის მოქმედების ლოგიკა ვერ შეცვლის.

მიმართვის ავტორების განცხადებით, არსებითია, რომ ეს საკითხები საქართველოს პარლამენტის ინტერვენციის და მუშაობის საგანი გახდეს და საპარლამენტო გამოძიებისა და სუს-ის რეფორმირების პროცესი პოლიტიკური კონსენსუსის პირობებში და ლოგიკით წარიმართოს.

“აუცილებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოინახოს გზები, რომელიც სუს-ს აქცევს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულ ორგანოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდება როგორც ცალკეული ადამიანების უფლებებისა და ინტერესების უხეში ხელყოფა, ასევე პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი და სამართლიანი განვითარების შეფერხება.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g