LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ითხვისში მიწის ჩაქცევიდან 7 თვის თავზეც, ბუნდოვნად რჩება პროცესის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების საკითხი – რა წერია NGO-ების შეფასებაში

104
Untitled design (3)
მთავარ სლაიდზე ფოტო: გიორგი მეგრელიშვილი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, სახლების ჩამოქცევის შესახებ სახელმწიფო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საპასუხო დასკვნით ეხმიანება.

„წელიწადზე მეტია ოჯახებს შიშის ქვეშ სძინავთ, სახლები პირდაპირ მიწაში ვარდება“ – ჭიათურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და „მწვანე ალტერნატივის“ შეფასებაშია აღნიშნული, სახელმწიფო კომისიის დასკვნა სოფელ ითხვისის მცხოვრებლების ღირსეული განსახლების გარანტიებს არ ქმნის.

ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, 2022 წლის მარტში მომხდარი შემთხვევიდან 7 თვის შემდეგაც ბუნდოვანია დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების საკითხი:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, სახლების ჩაქცევის შემდეგ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ამ პროცესების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და „სტიქიის“ არეალში მოქცეული მოსახლეობის იდენტიფიცირება დაევალა. კომისიის დასკვნა, რომელიც 10 ოქტომბრით არის დათარიღებული, მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა.

ითხვისში მიწის ჩაქცევიდან 7 თვის თავზეც, ბუნდოვნად რჩება პროცესის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების საკითხი.

ზემოაღნიშნულ დასკვნაში პრობლემურად გამოიკვეთა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების კატეგორიებად დაყოფის და მოსახლეობის განსახლების საკითხები.

ჩვენი შეფასებით, დასკვნა ითხვისელების ღირსეული განსახლების გარანტიებს ვერ ქმნის შემდეგი მიზეზების გამო:

◼ კომისიას არ შეუფასებია, რა ბედი უნდა ეწიოს სოფელს/უბანს – უნდა მოხდეს მთლიანი თემის განსახლება და განხორციელდეს წიაღის მოპოვება, თუ არსებობს მოლოდინი, რომ დანარჩენი მცხოვრებლებისთვის სოფელში დარჩენა უსაფრთხოა;

◼ ბუნდოვანია რა სტანდარტებით, წესებით და რა ვადებში მოხდება დაზარალებულების განსახლება. ამ ეტაპზე მხოლოდ სახლების საბაზრო ღირებულება ფასდება, რაც, სავარაუდოდ, საკმარისი ვერ იქნება ახალი საცხოვრებელი სახლების ასაგებად;

◼ დასკვნის მიხედვით, შეისწავლეს მხოლოდ 106 ოჯახის მდგომარეობა, თუმცა კომისია არ მსჯელობს იმაზე, თუ რატომ არ შეფასდა დამატებით ის საცხოვრისებიც, რომლებიც ასევე ექცევა მიწის ჩაქცევის არეალში და სავარაუდოდ, არც ეს სახლებია ბოლომდე უსაფრთხო;

◼ კომისია გამოყოფს მნიშვნელოვანი და ნაკლები დაზიანების მქონე ნაგებობებს და ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მნიშვნელოვნად დაზიანებულ სახლში მცხოვრები მოსახლეობის განსახლება. თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით მიაკუთვნა კომისიამ სახლები ნაკლებად დაზიანებულ, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულ კატეგორიებს.

◼ დოკუმენტის მიხედვით, საშუალო დაზიანების მქონე კარ-მიდამოებზე დამატებითი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, რათა შესაძლებელი გახდეს დაზიანების შესახებ მონაცემების შეგროვება; თუმცა უცნობია, მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება/უწყებები და მისი სავარაუდო გრაფიკი.

◼ დასკვნის მომზადების პროცესში არ მონაწილეობდა თავად ითხვისის მოსახლეობა, კომისიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია დახურული იყო. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდებოდა საკვანძო დოკუმენტაციაზე, მათ შორის მათთვის უცნობი იყო, რა შინაარსის ექსპერტული შეფასებები მომზადდა მათივე სახლების შესახებ.

დამატებით, ბუნდოვანია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებაზე. დასკვნაში მიწის ჩაქცევის მთავარ მიზეზად დასახელებულია გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში წარმოებული მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები და ატმოსფერული ნალექები. კომისიის დასკვნა ითხვისში მიწის ჩაქცევის გამომწვევ მიზეზებს შორის არ ასახელებს „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის მიერ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებულ მოპოვებით სამუშაოებს.

ეკოლოგიური ვითარებიდან და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სოფელში არსებული მდგომარეობა შეფასდეს ერთიანობაში და შესაბამისმა უწყებებმა, იმსჯელონ, რამდენად არის შესაძლებელი მომდევნო წლებში სოფლის ან მისი ნაწილის (ქვემო ითხვისის) შენარჩუნება საცხოვრებლად უსაფრთხო ზონად.

შესაბამისად, არსებითია, უმოკლეს დროში მოხდეს უწყებათაშორისი მექანიზმის/პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც მოსახლეობისა და ექსპერტების ჩართულობით იმსჯელებს და შეიმუშავებს სიტუაციის მონიტორინგის მექანიზმს და განსახლების პოლიტიკის ჩარჩოს“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში.

პოპულარულები