LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელიწადზე მეტია ოჯახებს შიშის ქვეშ სძინავთ, სახლები პირდაპირ მიწაში ვარდება“ – ჭიათურის მოსახლეობა დამხარებას ითხოვს

172
555

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა, მოსახლეობა გადაუდებელ დახმარებას ითხოვს. როგორც „ფორტუნას“ სოფლის მცხოვრებმა ჟუჟუნა მეგრელიშვილმა განუცხადა, სოფელში მიწის დიდი მასა დაიძრა, რამაც მცხოვრებლების სახლები ჩაიყოლა. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში კი ნაპრალები გაჩნდა.

როგორც ადგილობრივმა გვითხრა, საშიშროება ორი უბანს – „ მეგრელიშვილებისა“ და „მახათაძეების“ ემუქრება, სადაც უკვე 20 ოჯახი დაზარალდა. სოფლის დანარჩენ მკვიდრებს კი, ყოველ ღამე შიშის ქვეშ სძინავთ.

„სახლები პირდაპირ მიწაშია ჩავარდნილი. საცოდაობაა, გული დაგეწვებათ რომ ნახოთ აქ რა ხდება. ყანებს და არასაცხოვრებელ მიწებს თუ არ ჩავთვლით, ბზარები უკვე იმდენად გაიზარდა, რომ ჩვენს უბნამდე – „მეგრელიშვილებამდეც“ მოვიდა. 2 ოჯახია დაზარალებული, რომ იტყვიან მიწა მთლად გასკდა და სახლები ჩავარდა. აქვე მდებარე მეორე „მახათაძეების უბანში“ კი 18 ოჯახი დაზარალდა, ხან ერთ მეზობელთან ათევენ ღამეს, ხან მეორესთან.

გაჩნდა წყლის პრობლემაც, წყალი ისეთია, რომ შეიძლება საღამოს ბავშვს ფეხიც კი ვერ დაბანო. ახლა ზამთარია და წყალი მოდის და ზაფხულობით ონკანიც კი არ გვაქვს, ძირითადად ჭები გვაქვს და ეს ჭებიც შრება. საცოდავად ვწვალობთ, რომ წყალი გვქონდეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ამბობენ, რომ წყლის პრობლემაც მაღაროდან გამომდინარე გაჩნდა“, – უთხრა „ფორტუნას“  ადგილობრივმა.

როგორც სოფლის მკვიდრმა აღნიშნა, ადგილობრივებთან ჭიათურის მერიიდანაც იყვნენ მოსულები, მაგრამ რაიმე დაპირება არ გაუციათ.

„წელიწადზე მეტია ოჯახებს შიშის ქვეშ სძინავთ – დაიბზარებოდა კედლები, მოსახლეობა თვითონ ამოაშენებდა და ასე წვალებაში გრძელდება ამდენი ხანი. განცხადებებიც წელიწადზე მეტია მერიაში შეტანილია, მაგრამ არაფერი რეაგირება არ ყოფილა. ერთი რაც ვიცი და ვისაც ბინა უქირავეს, მოხუცი ქალი იყო, რომლის სახლიც ასევე მიწაში ჩავარდა და სხვაგან გადაიყვანეს. წუხელ, ღამის 2 საათზე მეზობლის სახლში სამზარეულო მთლიანად ჩავარდა, იმხელა ხმა ჰქონდა, მეგონა ჩვენი სახლი ჩავარდა. ღამე უკვე დაძინების გვეშინია.“ – გვითხრა ჟუჟუნა მეგრელიშვილმა.

„ფორტუნა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან დამატებითი დეტალის გარკვევას ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

ფოტო: რადიო თავისუფლება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები