LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გელოვანის L’amour – კლიპის პრემიერა კინო „ამირანში“

655
sofo-gelovani-new-clip

სოფო გელოვანის ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია 27 თებერვალს კინო „ამირანში“ შედგა. პრემიერას მედიის წარმომადგენლები და სოფოს კოლეგები დაესწრნენ.

კლიპზე იუგო მორისმა იმუშავა, სიმღერაზე კი, რომელიც თავად მომღერალმა დაწერა, ალეკო ბერძენიშვილმა. კომპოზიცია ქართულ-ფრანგულია და მას L’amour ჰქვია, რაც, მოგეხსენებათ, სიყვარულს ნიშნავს.

სოფოს კლიპის პრემიერის შემდეგ კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოუხატეს სიყვარული, რაც ჩვენთან საუბარშიც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ის გამორჩეული ხელწერის მომღერალია, რომელსაც ქართული სიმღერის შესრულება განსაკუთრებულად გამოსდის…

ნოდიკო ტატიშვილი:

სოფო არის ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრია, მისი შვილის ნათლია ვარ, ჩვენ ერთად ვიყავით „ევროვიზიაზე“. ჩვენი წარმატებები განუყოფელია. ჩემთვის დღვანდელი დღე არის ისეთივე მღელვარე და ბედნიერი, როგორიც სოფოსთვის. როგორც მის მეგობარს, წილად მხვდა პრივილეგია, კლიპი პრეზენტაციამდე მენახა. ჩემთვის სოფო გემოვნების საზომია. ზოგმა შეიძლება გადაამლაშოს, ზოგმა ნაკლები გააკეთოს, მაგრამ სოფომ ზუსტად იცის, რა არის ზღვარი და მას არ გადააბიჯებს.

სიმღერის მელოდია მას ეკუთვნის და ეს კიდევ ცალკე მახარებს. „ხელებიც“ მისი დაწერილია, მაგრამ სულ მე ვუსვამ ხაზს, რომ მისი ავტორი სოფო გელოვანია და თავად ძალიან ერიდება ამის თქმა. ნუ ამბობო, მთხოვს ხოლმე. არადა, ადამიანებს ძალიან მოსწონთ და პირიქით, სულ უნდა ითქვას. L’amour კი მის მიერ დაწერილი მეორე სიმღერაა. მიხარია, რომ კლიპი იუგო მორისმა გადაიღო. ხომ არსებობს კლასიკური შეხედულება გემოვნებაზე? ამ ახალ სიმღერაზე და კლიპზე შეიძლება ითქვას, რომ გემოვნებიანია. ძალიან მიხარია, რომ სიმღერის მუსიკალური პროდიუსინგი ალეკო ბერძენიშვილმა აიღო საკუთარ თავზე. ჩემთვის ეს ნამუშევარი მთლიანად არის, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, უნაკლო, არანაირი კითხვის ნიშანი არ რჩება მოსმენისა თუ ნახვის დროს.

მინდა, სოფოს მივულოცო წარმატებული ნაბიჯი.

ვერიკო ტურაშვილი:

სოფო გელოვანი ჩემი ყველაზე საყვარელი მომღერალია, იმედია, სხვებს არ ეწყინებათ. ის განსაკუთრებულია, არავის ჰგავს, მით უმეტეს, ქართული სიმღერის შესრულებისას და მისი ეს თვისება ძალიან მიყვარს. მისი ნებისმიერი ნაბიჯი ჩემთვის არის ძვირფასი და ღირებული.

დღევანდელ ნამუშევართან დაკავშირებით ჩემი მოლოდინები გამართლდა, იმუშავა საუკეთესო რეჟისორთან, გამოიყურება არაჩვეულებრივად, სიმღერა ეკუთვნის მას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოკლედ, მინდა, ჩემს ძვირფას სოფოს მივულოცო ახალი ნამუშევარი.

პრემიერის შემდეგ კომენტარი საღამოს მთავარ გმირს ჩამოვართვით.

სოფო გელოვანი:

ამ სიმღერაზე მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა. სიმღერა გახლავთ ქართულ-ფრანგული. მელოდია მე დავწერე. ამ კომპოზიციაზე ძალიან საინტერესო მუსიკოსებმა იმუშავეს.

რატომ ფრანგული?

ფრანგული ენა და ამ ენაზე სიმღერა ჩემთან ყველაზე მეტად არის ახლოს. განსაკუთრებულად მიყვარს. ეს სიმღერა უცნაურ გარემოში დავწერე. გადავუგზავნე ჩემს საყვარელ მუსიკოსს და ვკითხე აზრი, გავაგრძელო მასზე მუშაობა თუ არა-მეთქი და აუცილებლად გააგრძელეო, მირჩია. დიდი მადლობა მუსიკოსებს, ალეკო ბერძენიშვილს, ზაზა ცერცვაძეს, ქეთევან შანიძეს. მადლობა „ბრავო რეკორდსს“.

ყოველთვის ვამბობ იმას, რომ მომღერლებს გვჭირდება კარგი გარემო, რომ სიახლე შევთავაზოთ მსმენელს. დადებითი ემოციებისთვის ვიბრძვით. რაღაც პერიოდი საზღვარგარეთ გახლდით წასული და იქიდან გამოყოლილმა დადებითი ემოციებმა დამაწერინა ახალი სიმღერა.

ვიდეოს შესახებ უფრო მეტი რამ გვითხარი.

ერთ დღეში, ძალიან სწრაფად გადავიღეთ კლიპი, ვიმუშავე რეჟისორ იუგო მორისთან, რომლის შემოქმედებას ამ ბოლო დროს ძალიან ვაფასებ. თბილისში გადავიღეთ, დიდუბის გამოფენის ულამაზეს ადგილას. დღეს პრემიერაა და დიდად პრეზენტაციების მოყვარული არ ვარ, არ მიყვარს ხალხის შეწუხება, მაგრამ ბევრი ადამიანი მოვიდა და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

შენს იმიჯზე ვინ იმუშავა?

იდეის ავტორი მე გახლავართ, როგორი უნდა ვყოფილიყავი ამ კლიპში და ბევრი ვიფიქრე ამაზე. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც იმუშავეს ჩემს იმიჯზე, ბადრი ფევაძეს ეკუთვნის ვარცხნილობა, ნათია ბებიას – ვიზაჟი.

ამ ბანერზე შადეს ჰგავხარ. შენც გქონდა ეს ასოციაცია?

(იღიმის) მართლა? ეს არის კადრი კლიპიდან. ბანერზე იმუშავა არაჩვეულებრივმა მხატვარმა მარი ჩიჯავაძემ და მან ასე დამინახა.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები