LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს

110
1_50c479db-a0f5-4c2d-9e66-5c56d93fa245_1200x

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  შეხვედრაზე კომისიის და მედიალაბის თანამშრომლებმა Starlink-ის წარმომადგენელთან საქართველოში, სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვაზე, ასევე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე  ისაუბრეს. თავის მხრივ, SpaceX-ის წარმომადგენელმა კომისიის თანამშრომლებს საქართველოში SpaceX-ის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე მედიალაბის მიერ გადამზადებული სტარტაპერების მიერ შექმნილი პროექტები წარადგინეს.

Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული.

საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

 

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა SpaceX-ის  წარმომადგენელთან, რომელიც  საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართულ ტელეკომ გარემოს ადგილზე გაეცნოს. ჩვენ მას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში ტელეკომის მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით.

SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink-ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის.

აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.

Starlink არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.starlink.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები