LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად ვაქცინირებული მოგზაურები ახალ ზელანდიაში შეზღუდვების გარეშე შევლენ

94
Untitled design (1)

“2022 წლის დასაწყისიდან ახალი ზელანდია მსოფლიოსთვის ეტაპობრივად გაიხსნება” – ხელისუფლების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა დღეს გაახმოვანა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების გარეშე შესვლას შეძლებენ დაბალი რისკის ქვეყნების ის მოქალაქეები, რომლებიც სრულად იქნებიან ვაქცინირებულები.

არდერნმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა გააძლიერებს ვაქცინაციის პროგრამას ქვეყნის ეტაპობრივი, ხელახალი გახსნის მოსამზადებლად.

“ჩვენი საბოლოო მიზანია, მივიღოთ კარანტინის გარეშე ყველა ვაქცინირებული მოგზაური. ეს არის ჩვენი მიმართულება და ჩვენი ამბიციაც ნათელია. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ქვეყანა სრულად გავხსნათ.” – თქვა პრემიერმა.

გასულ წელს, უკომპრომისო სასაზღვრო კონტროლმა წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყანა იზოლირებული და მოწყვეტილი დატოვა მსოფლიოსგან, შესაბამისად, ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციაზეა პანდემიასთან წარმატებული ბრძოლისა და შედეგების მხრივ – პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 5 მილიონი მოსახლიდან, ვირუსით დაინფიცირდა 2 913 და გარდაიცვალა 26 ადამიანი.

პრემიერის განმარტებით, ახალი ზელანდია სამუდამოდ ვერ გააკონტროლებს საზღვრებს და ეს იყო მხოლოდ დროებითი ღონისძიება, სანამ მასშტაბური ვაქცინაციის კამპანია დაიწყებოდა, ახლა კი მთავარი სწორედ წარმატებული იმუნიზაციის პროცესია.

ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი სისტემის მიხედვით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასულ ვაქცინირებულ მოგზაურებს კვლავ მოუწევთ კარანტინის გავლა 14 დღის განმავლობაში, საშუალო რისკის ქვეყნების წარმომადგენლებს შეეძლებათ შეამცირონ კარანტინისთვის განკუთვნილი დრო, ხოლო დაბალი რისკის ქვეყნების ვაქცინირებული მოქალაქეები ქვეყანაში კარანტინისა და დამატებითი რეგულაციების გარეშე შეძლებენ შესვლას.

magti 5g