თამარ გაგოშიძე: ბავშვების ბევრ წრეზე ტარება მიზანშეწონილი არ არის

2488

სხვადასხვა წრეზე სიარული, მცირე ასაკიდან უცხო ენის სწავლა, გაჯეტების გავლენა ბავშვებზე და მშობლებისთვის საინტერესო სხვა კითხვებზე ამომწურავი პასუხები – ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ,,იმედის დღეში” ისაუბრა.

– ჩვენმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ დღესდღეობით ბავშვები სამ სახვადასხვა წრეზე მაინც დადიან. რამდენად ნორმალურია ასეთი დატვირთვა? რას გვეტყვით ამის შესახებ?

 თავისთავად ინტერესების მიხედვით წრეებზე სიარული ცუდი არ არის. ბავშვის განვითარებისთვის სასარგებლოა დაკავდეს იმით, რაც მოსწონს. თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ბავშვებს უწევთ იარონ არა იმ წრეებზე, რაზეც თავად სურთ, არამედ მშობლების მიერ შერჩეულ წრეებზე მათი ხათრით.

– რა უნდა ქნას მშობელმა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მისთვის სასურველ წრეებზე მიჰყავს, ძალიან მალე შვილი ეუბნება, რომ ამ წრეზე სიარული აღარ სურს? რამდენად შეიძლება წრეების ხშირი ცვლა?

– მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში გააჩნია ბავშვის ხასიათს. თუკი თქვენი შვილი მიეკუთვნება ბავშვების იმ კატეგორიას, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ შეცდომებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ეცდება არ გააკეთოს ის რაც არ გამოსდის, ან ცუდად გამოსდის. როგორც წესი, როდესაც ასეთი ბავშვი წრეზე მიდის, მას დიდი ალბათობით ექნება თვითშეფასების დაცემის პრობლემა. რადგან ის ფაქტი, რომ იმ წრეზე შესაძლოა იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მასზე კარგად გამოსდით რაღაც, უარყოფითად იმოქმედებს. ასეთ დროს ბუნებრივია შვილს მხარდაჭერა უნდა დავანახოთ და ავუხსნათ, რომ ნებისმიერ წრეზე ის დადის იმიტომ, რომ ისწავლოს. შეცდომების გარეშე კი ვერავინ ვერაფერს სწავლობს. ბავშვს უნდა დავეხმაროთ ამის გაცნობიერებაში და შედეგად დიდი ალბათობით მას გული აღარ აუცრუვდება, არამედ ეცდება უფრო უკეთ გამოუვიდეს რაღაც და შეცდომებზე ზომაზე მეტად არ ინერვიულოს. ავტორიტეტული ადამიანისგან მსგავსი ტექსტის მოსმენა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია .

ხდება ისეც, რომ მშობელი ამბობს: რატომ უნდა დავუშალო ჩემს შვილს ბევრ წრეზე სიარული, როდესაც მას ეს უნდა და როცა არ იღლება?

მე ვიტყოდი, რომ ინტერესიანი ბავშვი კარგია, მაგრამ გააჩნია ასაკს და მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ რეალურად რა რესურსი აქვს ბავშვს. მე სწორად არ მიმაჩნია რომ ბავშვი მთელი დღე იყოს გადარბენაზე. რეალურად ბავშვის დღის რეჟიმი ამ დროს ძალიან დატვირთულია. სკოლა, შვიდი გაკვეთილის შემდეგ რეპეტიტორებთან მეცადინეობა, მერე მინიმუმ ორ წრეზე წასვლა და ბოლოს სკოლის დავალებების მომზადება ძალიან დიდი დატვირთვაა.

ამიტომ ჩვენ ბავშვებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ პრიორიტეტები გამოყონ და არჩევანი გააკეთონ. ჩვენი პრობლემა ძირითადად იმაშია, რომ ჩვენც არ ვიცით არჩევა და არც ბავშვებს ვასწავლით.

ვრცლად გადაცემა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები