LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავზე იარაღი დამადეს, სამჯერ გასროლის ხმა გავიგე“ – HRW-ის ანგარიში რუსეთის დანაშაულებზე და ტყვეობას გადარჩენილი ადამიანების ისტორიები

88
Untitled design

ტყვეობა, ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილით დასჯა – სამი თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიშს “ჰუმან რაითს ვოჩი” აქვეყნებს. 

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოკუპანტების მიერ ჩადენილი სასტიკი, უკანონო ქმედებები შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული.

ანგარიშში, ძირითადად, კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონში ჩადენილი დანაშაულებია აღწერილი.

ამ რაიონებში Human Rights Watch-მა აპრილში აღრიცხა სიკვდილით დასჯის 22, სიცოცხლის უკანონო აღკვეთის 9, გაუჩინარების 6 და წამების 7 შემთხვევა.

 

 

ანგარიშში მოხვდა ჩვენება რუსების მიერ დაკავებული 21 მშვიდობიანი მოქალაქის, რომლებსაც ოკუპანტები არაადამიანურ, დამამცირებელ პირობებში ამყოფებდნენ.

“რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ქმედებები არის საზარელი, უკანონო და სასტიკი. მოქალაქეების მიმართ ეს ძალადობა არის ომის აშკარა დანაშაული, რომელიც სასწრაფოდ და მიუკერძოებლად უნდა იქნეს გამოძიებული და დაიწყოს სათანადო სისხლისსამართლებრივი დევნა”, – ამბობს HRW-ის დირექტორის მოადგილემ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გიორგი გოგია.

“ჰუმან რაითს ვოჩმა” 10 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით გამოკითხა 65 ადამიანი, მათ შორის არიან ყოფილი ტყვეები, სასტიკი წამების შემდეგ გადარჩენილები, მსხვერპლთა ოჯახის წევრები და სხვა მოწმეები.

ორგანიზაციამ ასევე გამოავლინა სიკვდილით დასჯის 10 ფაქტი ქალაქ ბუჩასა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებსა და სოფლებში.

ანასტასია ანდრეევნა ერთ-ერთია იმ მრავალ მოქალაქეს შორის, რომელმაც რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოცადა:

ანასტასია ჰყვება, რომ 19 მარტს, რუსმა სამხედროებმა მისი 45 წლის შვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სახლში სამხედრო ქურთუკი უპოვეს. 31 მარტს მან შვილის ცხედარი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით, ბეღელში იპოვა – მოკლული მოქალაქის ტანსაცმელი ბეღლის კარში იყო გამოფენილი.

მშვიდობიანი მოქალაქეები აღწერენ სკოლის სარდაფებში, ქარხნების ბუნკერებსა და ორმოებში გატარებულ დღეებს, კვირებს – რუსების ტყვეობაში.

საკვების მცირე რაოდენობა, არასაკმარისი წყალი, ჰიგიენური ნორმების არარსებობა – სოფელ იაგიდნეში რუსმა ოკუპანტებმა 350-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის, 70 ბავშვი, 5 ჩვილი, 28 დღის განმავლობაში სკოლის სარდაფში გამოკეტეს.

“ერთი კვირის შემდეგ ყველას ძლიერ ახველებდა. თითქმის ყველა ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა, ადამიანებს წყლულები გაუჩნდათ, დაიღუპა ათი ხანდაზმული”, – ჰყვებიან ტყვეობას გადარჩენილი ადამიანები.

ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ სოფელში, რუსმა ოკუპანტებმა პატარა ოთახში გამოკეტეს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებსაც თვალები ჰქონდათ ახვეული, ხელები კი შებოჭილი.

“ჰუმან რაითს ვოჩმა” აღრიცხა წამების შვიდი შემთხვევა, როდესაც რუსი ჯარისკაცები სცემდნენ დაკავებულებს, იყენებდნენ ელექტროშოკს ან სიკვდილით დასჯის იმიტაციას მიმართავდნენ, რათა ამ გზით მიეღოთ საჭირო ინფორმაცია.

“თავზე იარაღი დამადეს, სამჯერ გასროლის ხმა გავიგე, თვალები ახვეული მქონდა, მესმოდა ტყვიების იატაკზე დავარდნის ხმა, ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის იყო განკუთვნილი”, –  ჰყვება უკრაინის მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g