თბილისის მიკროავტობუსების პარკი 2018 წლიდან უნდა განახლდეს. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, 2018 წლიდან მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილის განახლების აქტუალურობის საკითხი დგება, ვინაიდან სამარშრუტო ტაქსებს განსაზღვრული საექსპლუატაციო ვადა აქვს, რომელიც სწორედ ამ პერიოდისთვის იწურება.

მისივე განმარტებით, თბილისის მიკრო ავტობუსების განახლება არ ნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალების ფერი და მარკა შეიცვლება.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ ეხმაურებიან.

„თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიას არანაირი ვალდებულება არ აქვს, მიკროავტობუსების მთლიანი ავტოპარკი შეცვალოს. მწყობრიდან გამოსვლის ან ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების პროცესი პერიოდულად ისედაც ხდება“, – აცხადებენ კომპანიაში. თუმცა, არ აკონკრეტებენ , თუ რამდენი სამარშრუტო ტაქსი შეიცვალა დღემდე.

დღეს ამ გაუგებრობას გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანიაც. მისი თქმით, მიკროავტობუსების პარკის განახლება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის

მერი ვარაუდობს, რომ მიკროავტობუსებს კონკურენციას ახალი ავტობუსები გაუწევს.

„ჩემი ვარაუდით, ახალი, ევროპული ავტობუსები, რომლებიც ჩვენ შემოვიყვანეთ და შემდგომშიც გაგრძელდება ეს პროექტი, იქნება ყვითელი მიკროავტობუსების კონკურენტი და მოქალაქეები უფრო კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ქალაქში ოპერირება 2011 წლიდან დაიწყო.

მსგავსი თემები