თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი, – ამის შესახებ აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა, მოღვაწეობა, უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არც ერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა.
პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვიტავს ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია.
რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა, ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა – ივანიშვილი