LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს ენმ-ის ოფისთან სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა: ანზორ მელია

283
1

“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მოშიმშილეების სანახავად ენმ-ის ზუგდიდის მეორბის კანდიდატი, ექიმი ანზორ მელია მივიდა.

მან მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეებს პრობლემები უკვე აქვთ.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი კვლავ ეკატერინე ტიკარაძე რომ ყოფილიყო, ოფისთან სამედიცინო დახმარების არა ერთი, არამედ რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა მობილიზებული:

“ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს აქ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა…

მეთაური არ ჰყავთ და “ქართული ოცნება” რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით. “ნაციონალები” მთლიანად თუ გაწყდებიან, ის გაუხარდებათ.

შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება, სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს?” – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასობრივი, უვადო შიმშილობა გამოაცხადა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გათავისუფლდება.

პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების შიმშილობის აქცია მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 12 კარავია გაშლილი.

პოპულალურები