„ომიკრონმა“ ყველაზე დიდი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ 50-მდე მუტაცია იქნა ნანახი, რაც აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლებელია, ვირუსმა იმდენად იცვალოს ბუნება, რომ ის უფრო ადვილად გავრცელებადი გახდეს ან შეიძინოს უფრო აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პირველად კვლევებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ომიკრონს“ აქვს უნარი დაუსხლტეს იმუნიტეტს, როგორც კორონავირუსის გადატანის შემდგომ ჩამოყალიბებულს, ასევე, ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნიტეტს.
„პირველადმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ „ომიკრონს“ რეინფიცირების უფრო მაღალი უნარი აქვს ანუ თუ ადამიანები ერთხელ უკვე გადაიტანენ კორონავირუსულ ინფექციას, „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია, ვიდრე ეს იყო „დელტა“ შტამის დროს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მას აქვს უნარი დაუსხლტეს იმუნიტეტს, როგორც ვაქცინით, ასევე დაავადების გადატანით შეძენილს.
რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს სერიოზული ინფორმაცია, რადგან აფრიკის რეგიონის გარდა, სხვა კონტინენტებზე მისი გავრცელება ასეთი მაღალი არ არის. ჩვენ არ დავკვირვებულვართ პაციენტებს, რომ ვისაუბროთ იმაზე, „ომიკრონი“ უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ მსუბუქად. თუ სამხრეთ აფრიკელი ექიმების კვლევებს დავეყრდნობით, გვამცნობენ, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში.
მისივე განცხადებით, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ.
ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგაც ეფექტური იქნება.
„ვიცით, „ფაიზერის“ ოფიციალური განცხადება, რომ თუ ადამიანს „ფაიზერის“ სამი დოზა აქვს გაკეთებული მაღალი ალბათობით, ის იცავს ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვაქცინები, რომლებიც ეფექტური იყო ჩინური შტამის ან დელტა შტამის მიმართ, „ომიკრონის“ მიმართ ნაკლებად ეფექტური იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა სრულიად უეფექტო იქნება.
ბევრმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დააანონსა, რომ მუშაობენ ახალი ვაქცინების შექმნაზე, რაც ასე ვთქვათ, უფრო მეტი ეფექტურობით დაიცავს ჩვენს მოსახლეობას ახალი შტამისგან“, – განაცხადა ინფექციონისტმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.