„თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა ქვეყანაში, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი არა პარლამენტში შესვლა, არამედ ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, ამიტომ დავით ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ბარიერი პატარა პარტიებმაც გადალახონ.
„ივანიშვილმა უკვე გადააგდო ერთხელ მოსახლეობა, როცა დაჰპირდა, რომ ბარიერს დაწევდა, მაგრამ ეს შესრულებული არ იქნა. თუ დემოკრატიის გაძლიერება გვინდა ქვეყანაში, საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს.
არიან პატარა პარტიები, რომლებსაც ჰყავთ თავის ამომრჩეველი, მაგრამ იმდენი არა, რომ ბარიერი გადალახონ. ამიტომ ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება, ვისაც ენდობა, ის წარმომადგენლობა ჰყავდეს პარლამენტში, მაგრამ „ქართული ოცნება“ ყველაფერს დემოკრატიულს და ევროპულს ეწინააღმდეგება.
თუ ბარიერი დაწეული არ იქნება, ბოლო გამოკითხვიდან ვხედავთ, რომ შეიძლება 3-4 პარტია შევიდეს პარლამენტში. ჩვენი მიზანია, არა პარლამენტში შემოსვლა, არამედ ხელისუფლების ცვლილება, ამისთვის საჭიროა, პატარა პარტიებმა მეტი ხმა მიიღონ და ბარიერი გადალახონ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.