ქართველი ბიზნესმენი და პარტია “ერი – ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე 26 მაისს მოსკოვში კრემლის იდეოლოგსა და “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერს, ალექსანდერ დუგინს შეხვდა.
ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა “მთავარმა არხმა” მოიპოვა და გაავრცელა.
მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა ერთ-ერთ რესტორანში შედგა – ვახშმობის შესახებ ინფორმაცია თავად რესტორანშიც დაუდასტურეს.
გუშინვე, ალექსანდრე დუგინმა საკუთარ Youtube-არხზე მორიგი ვიდეო განათავსა სათაურით – “საქართველო გზაგასაყარზე: ქვეყანა გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციით”.
თავად ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ:
“26 მაისი თანამედროვე საქართველოს წარმოშობის თარიღად ითვლება. 1918 წელს, ამ დღეს, ის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. თუმცა მალევე დაბრუნდა დიდი რუსეთის ფრთის ქვეშ. ახალ საუკუნეში, როდესაც მან არეულობები, გადატრიალებები, ფერადი რევოლუციები, ომები და ტერიტორიების დაკარგვა გამოიარა, საქართველო, გარკვეულწილად, დასავლეთით იმედგაცრუებულია. გახდება მისი პოლიტიკა ისევ პრორუსული? – ამას “დუგინის დირექტივის” ამ გამოშვებაში გავარკვევთ”.
თავად ვიდეომიმართვაში დუგინი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებს აკრიტიკებს, აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯები უფრო რაციონალურია და ლევან ვასაძის ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ლევან ვასაძე ქართველი პატრიოტია და რაღაც მხრივ ქართველი ნაციონალისტიც კი. მისი თქმით, ვასაძე არც პროდასავლელი და არც პრორუსი პოლიტიკოსია და აღნიშნავს, რომ თუ რუსეთს სურს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები გადალახოს, ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ვასაძესა და მოძრაობა “ერს”.
შეგახსენებთ, ალექსანდრ დუგინი “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერია. 2008 წლის ომის დროს კი ის რუსეთის ხელისუფლებას თბილისის ოკუპაციასა და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა.
https://www.youtube.com/watch?v=TW6frTW5fb8