LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სანქციები მალე ამოქმედდება, ეს რა თქმა უნდა, მალევე იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე და თავისი სხვადასხვა არხებით გადმოეცემა საქართველოს ეკონომიკას – მკვლევარი

168
20180315180548

რამდენად მასშტაბურ ეკონომიკურ შოკს უნდა ველოდოთ რუსეთ-უკრაინის ომისგან – ამ კითხვას რადიო „ფორტუნას“ ეთერში, დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა გასცა პასუხი. მისი თქმით, თუ დანარჩენი სამყაროს მიერ დაწესებული სანქციები მალე ამოქმედდება, ეს რა თქმა უნდა, მალევე იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე და თავისი სხვადასხვა არხებით გადმოეცემა საქართველოს ეკონომიკას.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რუსეთის მიმართ დაწესებულ უფრო მკაცრ სანქციებსაც ელოდა, საბოლოო ჯამში, იმ სანქციებს, რომელიც უკვე დაუწესდა აგრესორს, დიდი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე. დაწესებული სანქციები, ძირითადად, ფინანსურ სექტორს ეხება, ცალკეული ადამიანების ქონების დაყადაღებას… აღსანიშნავია, რომ ფინანსური სექტორი ზოგადად მამოძრავებელია ეკონომიკის, ამიტომაც, ამას აუცილებლად ექნება გავლენა რუსეთის ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე. მათ შორის: საერთაშორისო ვაჭრობაზე და რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთს. ამის გავლით და იმის გათვალისწინებითაც, რომ უკრაინაში საომარი ვითარებაა და უკრაინაც, რუსეთთან ერთად, ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი ქვეყანაა საქართველოსი, ცხადია, ეს ომი, აუცილებლად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს ორივე აღნიშნულ ქვეყანასთან და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დამოკიდებული ვართ რუსეთის ეკონომიკაზე, რაც საბოლოო ჯამში, დიდი რისკების წინაშე გვაყენებს ასეთ ვითარებაში და ჩვენ გვქონია ამის გამოცდილება მანამდეც“, – ამბობს დავით კეშელავა.

მისივე განმარტებით, ჩვენ თუ ჩავშლით საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებს, ერთადერთი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სადაც ამ ორ ქვეყანას დომინანტი პოზიცია არ უჭირავს.

„დანარჩენი ყველა მიმართულებით, ორივე ქვეყანა – უკრაინაც და რუსეთიც, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი იყო ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, რომ ავიღოთ ექსპორტი, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა ქვეყანაში, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, რუსეთი იყო მეორე ყველაზე მსხვილი პარტნიორი ექსპორტის კუთხით და მთლიანი ექსპორტის 14,4% მოდიოდა მასზე. თავად უკრაინაც არის ძალიან მსხვილი პარტნიორი, ასევე მე-5-ე პოზიციაზე იყო 7.2%-იანი წილით მთლიან ექსპორტში. ანუ, ბიზნეს პროცესში ქართული, რუსული და უკრაინული ბიზნესოპერაციები ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. ფულადი გზავნილების მიმართულებაც მინდა ვახსენო – რუსეთი პირველია ამ კუთხით, დაახლოებით, 17,5% გზავნილებისა რუსეთიდან მოდიოდა, უკრაინაც ტოპ-10 ქვეყანაშია, მე-8 პოზიციაზე იყო ის… ანუ, ორივე ქვეყანა ძალიან დიდ წილს ფლობს ფულად გზავნილებში. ასე რომ, აქაც საკმაოდ დიდი დანაკლისი გვექნება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ტურიზმის სექტორზე… ანუ, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან, მიუხედავად, წარსულში ისტორიული გამოცდილებისა, როცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით ბევრჯერ“, – დასძინა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.

რუსეთი ეცდება, ეკონომიკური კავშირები აზიაში მოძებნოს, რათა შეამსუბუქოს ძალიან დიდი ნეგატიური შოკი, რომელიც ელოდება უახლოეს მომავალში – ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g