შეცვლილი დღის წესრიგი მსოფლიოსა და საქართველოში- რამდენად მასშტაბურ ეკონომიკურ შოკს უნდა ველოდოთ რუსეთ-უკრაინის ომისგან, სად ვხედავთ გამოსავალს, გახდება თუ არა ის სანქციები, რაც უკვე დაუწესდა რუსეთს, მისი შეჩერების ბერკეტი? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში, დავით კეშელავამ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რუსეთის მიმართ დაწესებულ უფრო მკაცრ სანქციებსაც ელოდა, საბოლოო ჯამში, იმ სანქციებს, რომელიც უკვე დაუწესდა აგრესორს, დიდი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე. დაწესებული სანქციები, ძირითადად, ფინანსურ სექტორს ეხება, ცალკეული ადამიანების ქონების დაყადაღებას… აღსანიშნავია, რომ ფინანსური სექტორი ზოგადად მამოძრავებელია ეკონომიკის, ამიტომაც, ამას აუცილებლად ექნება გავლენა რუსეთის ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე. მათ შორის: საერთაშორისო ვაჭრობაზე და რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთს. ამის გავლით და იმის გათვალისწინებითაც, რომ უკრაინაში საომარი ვითარებაა და უკრაინაც, რუსეთთან ერთად, ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი ქვეყანაა საქართველოსი, ცხადია, ეს ომი, აუცილებლად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს ორივე აღნიშნულ ქვეყანასთან და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დამოკიდებული ვართ რუსეთის ეკონომიკაზე, რაც საბოლოო ჯამში, დიდი რისკების წინაშე გვაყენებს ასეთ ვითარებაში და ჩვენ გვქონია ამის გამოცდილება მანამდეც.
რომ გავიხსენოთ, რა მოხდა 2014 წელს და რა შედეგი მოჰყვა დაწესებულ სანქციებს რუსეთისთვის და მთლიანი რეგიონისთვის, 2 მიმართულება იყო პრობლემების, რაც თავს დაატყდა რუსეთს ამ დროს: პირველი იყო სანქციები და მეორე იყო, ნავთობის ფასების სერიოზული შემცირება მსოფლიო ბაზარზე, რაც საუდის არაბეთიდან მიწოდების რაღაც მნიშვნელოვანი ზრდით იყო გამოწვეული. ორივე მიმართულებამ ძალიან დიდი დანაკლისი დაუტოვა რუსეთის ეკონომიკას. შედეგები რაც პირველ ეტაპზე დავინახეთ, ათობით მილიარდი დოლარის დანაკარგი იყო რუსეთში, რუბლის ძალიან მნიშვნელოვანი გაუფასურება და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით მდგომარეობის გაუარესება, ასევე რამდენიმეწლიანი რეცესია, ანუ ეკონომიკური შემცირება რუსეთში, რაც ლოგიკური შედეგი იყო სანქციების და ნავთობის ფასების შემცირების. ამ ყველაფერმა მყისიერად ჰპოვა ასახვა რეგიონზე, მათ შორის: საქართველოზე. პირველი არხი, რომლითაც ეს შოკი გადმოეცა საქართველოს იყო, რა თქმა უნდა, მოლოდინების არხი. დავინახეთ კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება, რომლის შემდეგაც კურსი მუდმივად არასტაბილურია. მანამდე, ლარის კურსი შედარებით სტაბილური იყო ხოლმე სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებით. პირველი რეაქცია სწორედ ეს ვალუტის გაუფასურება იყო, რასაც შემდგომში, სტატისტიკაში ასახული დანაკარგები მოჰყვა, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით: ვაჭრობა შემცირდა, ექსპორტიც შემცირების ტენდენციებით ხასიათდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში… ახლაც, დაახლოებით, მსგავსი შედეგი იქნება მოსალოდნელი. თუ დანარჩენი სამყაროს მიერ დაწესებული სანქციები მალე ამოქმედდება, ეს რა თქმა უნდა, მალევე იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე და თავისი სხვადასხვა არხებით გადმოეცემა საქართველოს ეკონომიკას. ახლა ამ არხებს, რაც შეეხება, ჩვენ თუ ჩავშლით საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებს, ერთადერთი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სადაც ამ ორ ქვეყანას დომინანტი პოზიცია არ უჭირავს. დანარჩენი ყველა მიმართულებით, ორივე ქვეყანა, საქართველოს უმსხვილესი პარტიონი იყო ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, რომ ავიღოთ ექსპორტი, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა ქვეყანაში, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, რუსეთი იყო მეორე ყველაზე მსხვილი პარტნიორი ექსპორტის კუთხით და მთლიანი ექსპორტის 14,4% მოდიოდა მასზე. თავად უკრაინაც არის ძალიან მსხვილი პარტნიორი, ასევე მე-5-ე პოზიციაზე იყო 7.2%-იანი წილით მთლიან ექსპორტში. ანუ, ბიზნესპროცესში ქართული, რუსული და უკრაინული ბიზნესოპერაციები ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. ფულადი გზავნილების მიმართულებაც მინდა ვახსენო – რუსეთი პირველია ამ კუთხით, დაახლოებით, 17,5% გზავნილებისა რუსეთიდან მოდიოდა, უკრაინაც ტოპ-10 ქვეყანაშია, მე-8 პოზიციაზე იყო ის… ანუ, ორივე ქვეყანა ძალიან დიდ წილს ფლობს ფულად გზავნილებში. ასე რომ, აქაც საკმაოდ დიდი დანაკლისი გვექნება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ტურიზმის სექტორზე… ანუ, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან, მიუხედავად, წარსულში ისტორიული გამოცდილებისა, როცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით ბევრჯერ…
ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. სწრაფად გადაწყობა იქნება ძალიან რთული. ახლა რატომ ვართ მიჯაჭვული რუსულ ბაზარზე – იმიტომ, რომ ეს არის უფრო ადვილი გასაღების ბაზარი, მეზობელი ქვეყანაა, უფრო იცნობენ ქართულ პროდუქციას, ასევე რაღაც სენტიმენტებიც კი ახასიათებთ, მოკლედ, უფრო იოლია აქ პროდუქტის რეალიზაცია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც არის მიჯაჭვული რუსეთზე ქართული წარმოება. რაც შეეხება დივერსიფიკაციის საკითხს და სხვა ქვეყნებზე გადართვას, ჯერ კიდევ გვიჭირს გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს. მათ შორის: ევროკავშირთან, ჩინეთთან. ვხედავთ, რომ ჩინეთის წილი იზრდება წლიდან წლამდე, მაგრამ ძლიერი გარღვევა ევროკავშირის მიმართულებით ჯერ არ გვაქვს იმიტომ, რომ აქ მხოლოდ სატარიფო ბარიერებთან არ გვაქვს საქმე, ძალიან ბევრი არასატარიფო ბარიერია, რაც ხელს გვიშლის ევროკავშირთან ვაჭრობაში. ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ სტანდარტების ნაწილს, ამას თან ერთვის ისიც, რომ ევროკავშირის ბაზარზე დიდი კონკურენციაა და იქ ნაკლებად იცნობენ ჩვენს პროდუქციას და მარკეტინგული კამპანიის ჩატარება და პროდუქციის გაცნობაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, ისტორია გვაჩვენებს, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში როდესაც აღმოჩნდება ხოლმე ქართული ბიზნესი, რუსეთში არსებული ვითარების გამო, გადართვა სხვა ბაზრებზე ყოველთვის ხდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მშვიდობის პერიოდში, მერე ისევ უკან უბრუნდებიან რუსეთის ბაზარს.
მართალი გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რა შეაჩერებს რუსეთს ძალიან რთული სათქმელია. არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დაწესებული სანქციები საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთი შეჩერდეს. ალბათ, აქ სხვა გამოსავალის პოვნა არის საჭირო.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ უერთდება, სანქციებზე შეერთება არის ერთგვარი სიმბოლური ნაბიჯი საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის. რეალურად, შეუერთდება თუ არა საქართველო ამ სანქციებს, იდეაში გადამწყვეტი არ არის, რუსეთის დანაკარგების კუთხით იმდენად მცირე არის ჩვენი წილი, მაგრამ, უბრალოდ ეს სიმბოლური ნაბიჯია, სოლიდარობაა ერთგვარი ასეთ რთულ პერიოდში უკრაინელი ხალხის მიმართ. ამიტომ, შეგვეძლო, რომ გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ კუთხითაც.
ცხადია, ექნება და პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნები უნდა დაფიქრდნენ, თუ რამდენად დამოკიდებულნი არიან ძალიან არასტაბილურ რუსეთზე და უფრო დაჩქარებული ტემპით უნდა ეძებონ გამოსავალი, როგორ განტვირთონ ეს თავიანთი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც არის ამ ეტაპზე, მთლიანად მიბმული რუსულ ეკონომიკაზე, რომ მსგავს სიტუაციებში არ აღმოჩნდნენ მომავალშიც. კარგი იყო ეს აქამდე მომხდარიყო. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრა მათთვის ერთგვარი განგაშის ზარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლაც მსგავსი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ამ ომს ძალიან დიდი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკაზე. სანქციები არ არის ცალმხრივი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღვიქვათ, რომ დანაკარგები ექნება მხოლოდ რუსეთს, დანაკარგები ექნება ყველას, მათ შორის: აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნებსაც, მაგრამ ეს არის ერთგვარი ფასი, რაც უნდა გადაიხადონ ამ პროცესში რუსეთის შესაჩერებლად. რაც შეეხება რუსეთს, ის ეცდება, სანქციების ძლიერი ნეგატიური ეფექტის განეიტრალებისთვის, ეკონომიკური კავშირები აზიაში მოძებნოს, რათა შეამსუბუქოს ძალიან დიდი ნეგატიური შოკი, რომელიც ელოდება უახლოეს მომავალში.