LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მაისს ფესტივალს „ღვინის ამბასადორები“ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს

799
ღვინის ამბასადორები

საქართველოში, სადაც ღვინო მხოლოდ სასმელი კი არა, იდენტობის ნაწილია, „ღვინის ამბასადორები“ იმ ადამიანებს აერთიანებს, ვინც ამ ტრადიციას ყოველდღიურად აცოცხლებს. მცირე და საშუალო მარნები, ქართული ვაზის ჯიშები, სხვადასხვა რეგიონის  ღვინოები, სემინარები, გასტრონომია – ეს არის ის, რაც აღნიშნულ ფესტივალს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ირაკლი მინაძე, ფესტივალის „ღვინის ამბასადორები“ დამფუძნებელი:

– „ღვინის ამბასადორები“ წელს მესამედ იმართება. ისტორია 2023 წლიდან იწყება, როდესაც იმერეთში კლუბი „ცოლიკაური“ დავაფუძნეთ და მალევე, მცირე და საშუალო მარნების ღვინოები საზოგადოებას ფესტივალის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ფარგლებში წარვუდგინეთ. იქიდან გამომდინარე, რომ გვსურდა, მხოლოდ ერთი რეგიონით არ შემოვფარგლულიყავით, მალევე შეიქმნა ორგანიზაცია Food and Wine Ambassadors of Georgia, რომელიც გახლავთ ფესტივალის Wine Ambassadors ორგანიზატორი. ფესტივალი აერთიანებს მცირე და საშუალო მწარმოებლებს მთელი საქართველოდან და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც ამ მწარმოებლების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.

მაია ჯავახიშვილი, ფესტივალის „ღვინის ამბასადორები“ დამფუძნებელი, ჟურნალის Homeland of Wine გამომცემელი და მთავარი რედაქტორი:

– „ღვინის ამბასადორები“ არ არის მხოლოდ ფესტივალი – ერთი მხრივ, ეს არის მოგზაურობა ქართულ ღვინოში და მასთან ერთად, მეორე მხრივ კი, კარგი შესაძლებლობა მეღვინეებისთვის, რათა მათი ღვინოები გაიცნონ, შეაფასონ და შეიყვარონ არა მხოლოდ ადგილობრივმა მომხმარებლებმა, არამედ ღვინის პროფესიონალებმა საქართველოდან და საზღვარგარეთიდან. ფესტივალის პირველივე წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, ის ისეთ სივრცეში ჩაგვეტარებინა, სადაც მონაწილეებისთვის და სტუმრებისთვის (მათ შორის, უცხოელებისთვის) მაქსიმალური კომფორტი იქნებოდა უზრუნველყოფილი. ამისთვის შეირჩა სასტუმროს Wyndham Grand Tbilisi ბოლრუმი. პირველი ფესტივალი (2024 წ.) წარმატებით ჩატარდა და სწორედ ამან განაპირობა მომდევნო წელს როგორც მონაწილე მარნების, ისე ვიზიტორების რიცხვის გაორმაგება. ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გასულ წელსვე მიგვეღო გადაწყვეტილება მეტად გაფართოების შესახებ. წელს „ღვინის ამბასადორების“ ოფიციალური მასპინძელი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასია“, მისი 940 კვ. მეტრის ფართობის ბოლრუმით და საკონფერენციო დარბაზებით. წლევანდელ ფესტივალზე 120-მდე მცირე და საშუალო მარანი, 10-ზე მეტი მწარმოებელი და კომპანია დაგხვდებათ.

– ირაკლი, როგორ შეირჩნენ წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები?

– ფესტივალში მონაწილე მცირე და საშუალო საოჯახო მარნებს მთელი ქვეყნიდან წარმოდგენილი ექნებათ მათი რეგიონებისთვის დამახასიათებელი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. რაც შეეხება შერჩევას: ყოველწლიურად, ჯერ განაცხადები ივსება, რის შემდეგაც, ღვინოები ორეტაპიან შესარჩევ პროცესს გადიან. მონაწილე მეღვინეების მთავარი ამოცანაა, საკუთარი ღვინო სწორად და საინტერესოდ წარუდგინონ ფესტივალის სტუმრებს, რადგან თითოეული მეღვინე  ჩვენი ქვეყნისა და ღვინის ამბასადორია. სწორედ ამ მიზნით ირჩევა ფესტივალზე წარსადგენად მაქსიმალურად ხარისხიანი ღვინოები.

– მაია, ღვინის გარდა, რა დახვდებათ ფესტივალის სტუმრებს, რითი იქნება წლევანდელი პროგრამა გამორჩეული?

– ვცდილობთ, ჩვენი ფესტივალი მეღვინეებისთვის მაქსიმალურად პრაქტიკული და სასარგებლო გავხადოთ. წელს ფესტივალს ჰყავს ოფიციალური ლოგისტიკური პარტნიორი, კომპანია Aramex Georgia. იმ მეღვინეებს, რომლებსაც საკუთარი ღვინის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა სურთ (რაც მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის განვითარებისთვის), სწორედ ამ კომპანიის წარმომადგენლები გააცნობენ ინფორმაციას გადაზიდვის გზების, შეფუთვა/მარკირების, არაკომერციული ექსპორტის თავისებურებების, კონკურსების, გამოფენებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ეს ყველაფერი სემინარის ფარგლებში მოხდება. გვექნება ახალი პროექტიც, რომლის პრეზენტაციაც სპეციალურად ჩვენს ფესტივალზე შედგება. 

წელს დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქართულ მარცვლეულ კულტურებსაც, მათ შორის – ხორბალს. მოგეხსენებათ, საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის ქვეყანაცაა. ფესტივალის მონაწილეა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, რომლის კონსულტანტი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნუკრი მემარნიშვილი სემინარის ფარგლებში ისაუბრებს ხორბლის წარმოშობის, ფილოგენეტიის, ენდემური სახეობების, საქართველოში გავრცელებული ხორბლის ჯიშების, ხორბლის წარმოების რვაათასწლიანი უწყვეტი ტრადიციის შესახებ. გვიერთდებიან მეღვინე გიორგი ბარისაშვილი და ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელმძღვანელი ანო შანშიაშვილიც ძალიან საინტერესო თემებით. ამას ემატება ფესტივალის მრავალფეროვანი გასტრონომიული ნაწილიც. წლევანდელ ფესტივალს ოფიციალური მხარდამჭერის სტატუსით უერთდება Homeland of Wine Magazine-ც.

– ირაკლი, როგორც ვიცით, წლევანდელ ფესტივალზე იმერული ღვინოების მასტერკლასია დაგეგმილი.

– დიახ. გადავწყვიტეთ, ყოველს წელს, „ღვინის ამბასადორების” ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის თითოეულ რეგიონს დავუთმოთ ყურადღება. ვიწყებთ იმერეთით. წელს, კლუბის „ცოლიკაური” ეგიდით, დაგეგმილი გვაქვს იმერული ღვინოების მასტერკლასი, რომელსაც ენოლოგიის მაგისტრი გიორგი სამანიშვილი წარუძღვება. მასტერკლასი HoReCa  სექტორის წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი, რაც კარგი შესაძლებლობა ამ კუთხის ღვინოების ცნობადობის ასამაღლებლად და საინტერესო კავშირების ჩამოსაყალიბებლად.

– მაია, ვინ იქნებიან ფესტივალის სტუმრები?

– უპირველესად, მსურს, აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა, რის გარეშეც რთული იქნებოდა მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ჩატარება. რაც შეეხება სტუმრებს, წელს გვეყოლებიან ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, მათ შორის სამხრეთ ამერიკიდან – ღვინის მწერლები, კრიტიკოსები, სომელიეები, ბაიერები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები. ვცდილობთ, მეღვინეებისთვის  შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მათი ხმა ისმოდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

– და ბოლოს, როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს ფესტივალზე მოხვედრა?

– ღონისძიება იწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 18:00 საათამდე. ფესტივალზე მოხვედრა შესაძლებელია ბილეთით, რომელსაც TKT.GE-ზე შეიძენთ.

magti 5g