ქართული ღვინის ბაზარზე, სადაც კონკურენცია და ეკონომიკური გამოწვევები სულ უფრო იზრდება, კომპანიები განვითარების ახალი გზების ძიებას აქტიურად აგრძელებენ. სწორედ ამ კონტექსტში, „Chigogidze Wines“ იწყებს პროექტს „კავთისი“, რომელიც ტრადიციულად მაღალი ხარისხის ღვინით, თუმცა უფრო ხელმისაწვდომი ფასებით, მიზნად ისახავს მომხმარებელთა წრის გაფართოებას და თანამედროვე მოთხოვნებზე პასუხს.
თათა ქოიავა, ქართული ღვინის ბრენდის „Chigogidze Wines“ საოპერაციო ხელმძღვანელი:
– „Chigogidze Wines“ საშუალო ზომის მეღვინეობა გახლავთ, რომელსაც აქვს პრეტენზია, აწარმოოს მაღალი ხარისხის ღვინო და ამ ნიშას ვიჭერთ უკვე ათ წელზე მეტია. ვოპერირებთ საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის და ჩვენის ღვინის წარდგენის შესაძლებლობა. გვყავს ჩვენი ერთგული მომხმარებელი, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული და ვცდილობთ, მათ იმედები არასდროს გავუცრუოთ, ვცდილობთ, სტაბილურად მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ღვინო უყვარს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად რთული მდგომარეობაა, შინ თუ გარეთ, ყველა მიმართულებით და არც ღვინის სექტორია გამონაკლისი – არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან, რთული გახდა ოპერირება, გადარჩენა. მაგრამ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია განვითარება, რადგან მომხმარებელი ყოველთვის ელოდება სიახლეს. შესაბამისად, როდესაც გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვაკეთებთ რაღაც მნიშვნელოვანს, კარგს და განსაკუთრებულს, უნდა მოვერგოთ ამ მოთხოვნებს.

2026 წელი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ, ეტაპობრივად ვნერგავთ სიახლეებს და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ივნისის ბოლოსთვის ბათუმში ჩვენი სივრცის გახსნა. აქ სხვადასხვა გემოვნების ადამიანისთვის შევქმნით ძალიან მყუდრო გარემოს. მომხმარებელს შეეძლება განტვირთვა ან საქმიანის შეხვედრების დაგეგმვა და ჩვენი საუკეთესო ღვინოების დაგემოვნება. ჩილიმის მოყვარულებისთვისაც გვექნება სივრცე და რაც ყველაზე მთავარია, იფუნქციონირებს ჩვენი მაღაზიაც, სადაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება მისვლა და ჩვენი ღვინის შეძენა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სივრცეები ნაკლებად არის ბათუმში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ის არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, ამ ქალაქის სტუმრებისთვისაც იქცევა თავშეყრის საყვარელ ადგილად.
რაც შეეხება ჩვენს ახალ პროექტს, „კავთისი“ „Chigogidze Wines“-ის ახალი ხაზი გახლავთ. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. სახელწოდება სიმბოლურია და დაკავშირებულია ჩვენი კომპანიის ისტორიის დასაბამთან, კასპის რაიონში მდებარე სოფელ კავთისხევთან. ახალი ხაზი, ჯერჯერობით, 5 სახეობის ღვინოს აერთიანებს და რა თქმა უნდა, იგეგმება გამრავალფეროვნება. სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ჩამოსხმა და ძალიან მალე სხვადასხვა სივრცეში და ბაზარზე ექნებათ ჩვენს მომხმარებლებს ამ ღვინოების დაგემოვნების და შეძენის შესაძლებლობა. ამ ხაზით ვეცადეთ, მარტივად და გასაგებად მიგვეტანა ჩვენი სათქმელი მომხმარებლისთვის როგორც კონცეფციით, ისე ვიზუალურად. ვფიქრობ, რომ გამოგვივიდა. პროექტის ერთ-ერთი ჩანაფიქრი იყო ისიც, რომ იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, ხარისხის ცვლილების გარეშე მოგვეხერხებინა და შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტი. აქვე აღვნიშნავ, რომ აქამდე „Chigogidze Wines“-ს არ ჰქონდა და ასორტიმენტს დაემატა საკმაოდ პოპულარული, ნახევრად ტკბილი ღვინო, ქინძმარაულის სახელით ცნობილი და კიდევ დაემატება ახალ-ახალი ღვინოები. „კავთისის“ შემთხვევაში გვაქვს როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინო და ეს 5 სახეობა შეირჩა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ტიპის ღვინის მოყვარულს მოვერგოთ, მამაკაცებით დაწყებული, ქალებით დამთავრებული.