LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მაისს ღვინის კლუბი რიგით მე-17 ახალი ღვინის ფესტივალს გამართავს

995
ალეკო ცქიტიშვილი

9 მაისს, მთაწმინდის პარკში, საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რიგით მე-17 ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ტერუარების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. 2026 წლიდან, ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით, ახალი ღვინის ფესტივალი მისი ერთ-ერთი დამაარსებლის და სულისჩამდგმელის, მალხაზ ხარბედიას სახელობის გახდება.

ალეკო ცქიტიშვილი, ღვინის კლუბის თანადამფუძნებელი, ღვინის ჟურნალისტი:

– ახალი ღვინის ფესტივალის ჩატარება გახლავთ მალხაზ ხარბედიას ინიციატივა. წლების განმავლობაში ამ ფესტივალმა მართლაც დიდ მოვლენებს დაუდო სათავე. საერთოდაც, თავად ფესტივალი იყო დიდი მოვლენა იმ გაგებით, რომ მანამდე საქართველოში ღვინის ფესტივალი არ არსებობდა, ერთადერთი ღვინის გამოფენა „WinExpo Georgia“ ტარდებოდა, რომელიც დიდ კომპანიებს აძლევდა საკუთარი ღვინის წარდგენის საშუალებას. მაგრამ როგორც ფესტივალი, სახალხოობითა და საზეიმო განწყობით, პირველი ახალი ღვინის ფესტივალი იყო.

ახალი ღვინის ფესტივალი პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტარდებოდა, მაგრამ შემდეგ იმდენად დიდი მასშტაბი შეიძინა, რომ საჭირო გახდა უფრო დიდი სივრცის პოვნა. შესაბამისად, ბოლო წლებია უკვე მთაწმინდის პარკი გვმასპინძლობს. სამწუხაროდ, შარშანდელი ფესტივალი მალხაზ ხარბედიასთვის ბოლო აღმოჩნდა, უკვე ავადმყოფობდა, თუმცა მაინც შემართებით და იმედით ესწრებოდა ღონისძიებას. მისი გარდაცვალების შემდეგ, ღვინის კლუბის დამფუძნებლებმა გადავწყვიტეთ, ფესტივალი მისი სახელობის გახდეს – ის ღირებულებები, რასაც ეს ფესტივალი ატარებს, მალხაზ ხარბედიას სახელით გაგრძელდეს.

სხვათა შორის, თავიდან არც ისე ადვილი იყო ამ ფესტივალის ორგანიზება, რადგან ჩვენი მიზანი იყო, მასში არა მხოლოდ დიდ კომპანიებს მიეღოთ მონაწილეობა, არამედ მცირე მარნებსაც, საოჯახო მეღვინეობებსა თუ სრულიად უცნობ მეღვინეებს, რომლებსაც საკუთარი მარნები იურიდიული ფორმით არც კი ჰქონდათ რეგისტრირებული და უბრალოდ ოჯახში აყენებდნენ ძალიან კარგ ღვინოებს. ამ ადამიანების მოსაძიებლად, ფაქტობრივად, საველე გასვლები დაგვჭირდა. ღვინის კლუბის იმდროინდელი აქტიური წევრები (სოლომონ ცაიშვილი, იაგო ბიტარიშვილი, რამაზ ნიკოლაძე და სხვები) დაგვეხმარნენ, მათი ნაცნობი მეღვინეები, საოჯახო მარნები სხვადასხვა კუთხიდან მოგვეწვია ფესტივალზე, რამაც გაამართლა – ამ უჩინარმა გმირებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიეს. აღსანიშნავია, რომ მათი ღვინოები დეგუსტაციის წესით შევარჩიეთ, რადგან ღვინის კლუბში ვგრძნობდით პასუხისმგებლობას, რომ უხარისხო ღვინო არ მოხვედრილიყო ფესტივალზე. ამის შემდეგ დეგუსტაციის წესი ტრადიციად იქცა, ის ყოველი ახალი ღვინის ფესტივალის წინ ტარდება.

ახალი ღვინის ფესტივალში მცირე მევენახე-მეღვინეების გარდა, რა თქმა უნდა, მონაწილეობენ დიდი კომპანიებიც, რომლებსაც უკვე აქვთ დიდი ისტორია, ავტორიტეტი, შესაბამისად, მათ ნაწარმს დეგუსტაცია არ სჭირდება. ასეთი კომპანიების ჩვენს ფესტივალზე აქტიურობა ძალიან დასაფასებელია.

– სამომხამარებლო ქცევა თუ შეცვალა ახალი ღვინის ფესტივალმა?

– რა თქმა უნდა. სახალხოობა გახლავთ სწორედ ფესტივალის ფორმატი. ღვინის კლუბის დამფუძნებლები და ამ ფესტივალის ინიციატორები თავადაც გაკვირვებულები ვიყავით, როდესაც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ადამიანებმა ოჯახებით დაიწყეს სიარული. ამ ფესტივალმა მართლაც შეცვალა ღვინის მოხმარების კულტურა – ყველა დაარწმუნა, რომ ღვინო ღრეობის და ქეიფის ატრიბუტი კი არა, არამედ საზეიმო განწყობისთვის, მხიარულებისთვის და რაც მთავარია, ურთიერთობისთვისაა განკუთვნილი. მალხაზ ხარბედიამ, ფესტივალის დაფუძნებიდან 15 წლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ახალი ღვინის ფესტივალის მისიაზე როცა საუბრობდა, აღნიშნა, რომ ამ ფესტივალის ყველაზე მთავარი პრინციპი და იდეა არის თანასწორობა და ერთიანობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობენ დიდი კომპანიებიც, საშუალო და მცირე მარნებიც, ნატურალისტები, ბიო და ბიოდინამიკური მევენახეობის მიმდევრებიც და რომ ეს ფესტივალი გაცნობისთვის, დამეგობრებისთვის საუკეთესო ადგილად იქცაო.

– მალხაზ ხარბედიას სიტყვები „ღვინო ყველასთვის და ყველა ღვინისთვის!“ ფესტივალის დევიზადაც იქცა.

-დიახ, ნამდვილად ასეა. სხვათა შორის, ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე უჩინარმა გმირებმა შემდეგ უკვე საკუთარი კომპანიები დააარსეს. ისინი ამ ფესტივალს და მალხაზ ხარბედიას დღესაც იხსენებენ, როგორც დიდ სტიმულს, ბიძგს, რომელმაც შექმნა მათი ისტორია, რადგან არც კი ელოდნენ, რომ ოჯახიდან მოტანილ მათ ღვინოებს მაღალი შეფასება ექნებოდათ, მათ შორის ღვინის პროფესიონალებისგან. მათი მარნები უკვე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, მათი ღვინოები ექსპორტზე გადის. ისინი დღეს ქართული მეღვინეობის სახეს წარმოადგენენ იმ გაგებით, რომ ხარისხიანი, ბუნებრივი ღვინოები სწორედ მათი მარნებიდან ვრცელდება.

ფესტივალი ყოველწლიურად იზრდება, ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან, რამდენი მონაწილე გყავთ წელს?

– ტრადიციულად, ათეულობით ღვინის დიდი კომპანია, თუ მცირე მარანი მონაწილეობს, ასევე 50 მევენახე-მეღვინე თავიანთი ოჯახური ღვინოებით, რომლებიც, როგორც აღვნიშნე, ჟიურის მიერ შეირჩა. ერთ-ერთ ასეთ დეგუსტაციაში თავადაც ვმონაწილეობდი და ნამდვილად აღსანიშნავია, რომ ღვინის ხარისხი გაიზარდა არა მხოლოდ მცირე საოჯახო მარნებში, რომლებიც ბაზარზე უკვე კომპანიების სახით ოპერირებენ, ასევე ოჯახებშიც. ის, რითაც ახალი ღვინის ფესტივალი გამოირჩევა, არის ჯიშური მრავალფეროვნება – ქართული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოები ყოველთვის იყო ამ ფესტივალის მთავარი ღირსება. წელსაც იქნება წარმოდგენილი ბოლო, 2025 წლის მოსავლის ღვინოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დააგემოვნოს იშვიათი და უკვე არცთუ ისე იშვიათი ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოები. მაგალითად, გურიიდან ჩხავერის ღვინო და საკმიელა, იმერეთიდან ოცხანური საფერე, კრახუნა, ძელშავი ახლა არავის უკვირს, მაგრამ მაშინ, როცა ფესტივალი დაფუძნდა, იშვიათი იყო.

– ფესტივალი, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყება.

– რა თქმა უნდა, თან მრავალჟამიერის თანხლებით. ქვევრის ღვინოც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სჭირდებოდა აღორძინება და სწორედ ამიტომ, წლების წინ გადავწყვიტეთ, რომ ქვევრის მოხსნა და ღვინის ადგილზე დაგემოვნება ყოფილიყო ამ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი.

– რომელ საათზე დაიწყება ფესტივალი?

– დაიწყება 11:00 საათიდან და გასტანს 18:00 საათამდე. ფესტივალის კარი ღიაა ყველა სტუმრისთვის. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინოები. აქვე დავძენ, რომ ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ჩვენი ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

magti 5g