21 ივნისს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, მთაწმინდის პარკი პურ-ღვინის უძველეს ტრადიციას გააცოცხლებს – ღონისძიებაზე „ოქროს თავთავი“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ ქართული ხორბლისა და პურის მრავალფეროვნებას, განსხვავებულ გემოსა და ხარისხს.
ლალი მესხი, ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი:
– ქართული ხორბალი ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ნეოლითის ხანიდან მოდის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პურის ხორბლის მოშინაურება ჩვენთან მოხდა. ეს ნიშნავს დიდი ხნის ცოდნასაც არა მარტო ხორბალთან, არამედ მიწათმოქმედებასთან, პურის ცხობასთან და სხვა ბევრ რამესთან დაკავშირებითაც – ხორბალს მარტო ადამიანი არ ჭამს, ყველაფერი ჭამს დედამიწაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მდიდრები ვართ ენდემური სახეობებით, იმაზე უფრო მეტადაც კი, ვიდრე რომელიმე ქვეყანა მსოფლიოში. გაგვაჩნია ხუთი დადასტურებული ენდემური სახეობა, რომლებიც გამოირჩევა უძვირფასესი თვისებებით – იმუნური სისტემის სიმძლავრით, დაავადებების მიმართ გამძლეობით, შემგუებლობით მძიმე კლიმატურ პირობებთან, ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგური პირობების მიმართ, სტაბილურმოსავლიანია და ა.შ. ანუ ჩვენი სახეობები საინტერესოა სელექციონერებისთვის ახალი გამძლე ჯიშების გამოსაყვანად.

დღეს უკვე ფართოდ არის ცნობილი წითელი დოლი (იმიტომ, რომ აღდგენილია), დიკა, თავთუხები, რადგან ძალიან მაღალია ქართული ხორბლის კვებითი ღირებულება. ის დღეს არსებულ ხელოვნურად მაღალმოსავლიან ხორბლებს (ანუ ისეთებს, რომლებიც მეცნიერულად არის გამოყვანილი) უსწრებს თავისი ნუტრიციით – ცილის მაღალი შემადგენლობით, ვიტამინებით, მიკროორგანიზმებით და სხვა. ამიტომაცაა, რომ მსოფლიომ გვაღიარა, როგორც ხორბლის და პურის სამშობლო, იუნესკომ კი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ნუსხაში შეიტანა ხორბალთან და პურთან დაკავშირებული ტრადიცია და რიტუალი. ცხადია, ეს ყოველივე გვავალებს, კარგად შევინახოთ ისინი და გადავცეთ მომავალ თაობას.
– კომერციალიზაციის რა ბერკეტები შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქართული ხორბლის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ჩვენ მუდმივად შევძლოთ მისით თავის მოწონება?
– თავის მოწონება რომ შევძლოთ, უნდა შევქმნათ პროდუქტი. სამეურნეოდ ხორბლის მოყვანა, ფაქტობრივად, 70 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო, ამიტომ, ასე ვთქვათ, მკვდრეთით უნდა აღდგეს ეს პროცესი, რაც დაწყებულია კიდეც, ბოლო 10 წელია გააქტიურებულია, მაგრამ ძალიან ბევრია წინ გასაკეთებელი. უნდა შეიქმნას საწარმოო ჯაჭვი თესლიდან საბოლოო პროდუქტამდე, რომელიც შეიძლება იყოს პური, ფაფეული და ა.შ. დიდი ძალისხმევაა საჭირო, იმიტომ, რომ ის სეგმენტი, რომელიც ქართული ხორბლის მომყვანია დღეს, არის მცირე და საშუალო ფერმერი. მსხვილი ფერმერების ინტერესი უფრო მაღალმოსავლიანი ხორბლისკენ იხრება. ესეც კარგია, რა თქმა უნდა. ჩვენ მათ არ ვეჯიბრებით და არც მომავალში შევეჯიბრებით, უბრალოდ, ქართულმა ხორბალმა თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს. ამას დასჭირდება თანმიმდევრული მხარდაჭერა, მეცნიერული კვლევა, რათა სწორ ადგილას, სწორად, კარგი სათესლე მასალა მოხვდეს, აუცილებელია თესლის სერტიფიცირება. ანუ ძალიან კარგად არის ჩამოსაყალიბებელი ის სტრატეგია, რომლითაც ჩვენ ეს საქმე უნდა გავაკეთოთ – ქართული ხორბლის წარმოებაში დაბრუნებას სჭირდება თავისი სივრცე და რეგულაციები.

– რაც შეეხება „ოქროს თავთავს“. ქართული ხორბლის დაბრუნება წარსულიდან მომავალში – ასეთი ერთგვარი სლოგანიც კი აქვს ამ ღონისძიებას.
– უპირველესად, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ღონისძიების მხარდაჭერისთვის მთაწმინდის პარკს, რომელიც არაჩვეულებრივი მასპინძელია, კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებით საქართველოს“, თბილისის მერიას.
„ოქროს თავთავი“ ეძღვნება ქართული ხორბლის ტრადიციებს და მის დაბრუნებას ცხოვრებაში. სწორედ ქართული ხორბლის პოპულარიზაცია, მის მიმართ ინტერესის და მასზე მოთხოვნის ზრდა მოგვცემს უკეთესი პროგრამების შექმნის შესაძლებლობას.
საღონისძიებო სივრცეში გარდა იმისა, რომ დაგხვდებათ ძალიან ბევრი გემრიელი პური და არა მხოლოდ პური – ჩვენ ვეცადეთ, დაგვეძმობილებინა პური, ღვინო და ყველი (შესაბამისად, ღონისძიებაში ბუნებრივი ღვინის და ყველის მწარმოებლებიც მიიღებენ მონაწილეობას), იქნება საინფორმაციო-შემეცნებით პავილიონიც, სადაც შუადღისას დარგის სპეციალისტები, მეცნიერები და მკვლევრები ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა შესახებ ისაუბრებენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ორგანიზაციას, მეცნიერს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, ბოტანიკის ინსტიტუტს, ბოტანიკურ ბაღს, რომლებიც დაგვთანხმდნენ მონაწილეობას. ისინი გამოიტანენ საკუთარ კოლექციებს, გენეტიკურ მასალას, ასევე ბეჭდურ მასალას. ასე რომ, თუ ინტერესი გაქვთ, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის მიმართულებით, ხორბლის თუ პურცხობის მიმართულებით, შეგეძლებათ ექსპერტებს, მცოდნე ადამიანებს გაესაუბროთ და გაერთოთ კიდეც – დაგხვდებათ ეთნო მუსიკა, ქალაქური მუსიკა, იქნება ფერხულები, ძველი ქართული თამაშობები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

– რა უნდა გავითვალისწინოთ, თუკი ქართული ხორბლის მოყვანას გადავწყვეტთ?
– უპირველესად, აუცილებლად უნდა მიიღოთ საბაზისო განათლება სოფლის მეურნეობაში, იმიტომ, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი. სოფლის მეურნეობა არ არის იოლი მეცნიერება, მრავალწახნაგოვანია და უბრალოდ სურვილით და იმით, რომ ვიღაცამ სათესლე მასალა მოგცათ, ძალიან ძნელი იქნება, საბოლოო შედეგს მიაღწიოთ. ამიტომ გირჩევდით, მით უფრო ახლა არის უკვე ამის შესაძლებლობა, წაიკითხოთ ან მცირე პროფესიული კურსი გაიაროთ იმისთვის, რომ წარმოიდგინოთ, რასთან გაქვთ საქმე. თქვენ აღმოაჩენთ, რომ უნდა გააკეთოთ მიწის ანალიზი, მოიკვლიოთ, რომელი სათესლე მასალა შეიძინოთ, სერტიფიცირებული სად მოიპოვოთ და ა.შ. შემდეგ, როცა მოიყვანთ, დაგჭირდებათ ბეღელი, რათა ხორბალი სწორად შეინახოთ და ფქვილად აქციოთ. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი პროცესია. საწარმოო ჯაჭვის აგებაა საჭირო ან ამ ჯაჭვში ერთ-ერთ რგოლად მაინც უნდა მოიაზროთ საკუთარი თავი. ჯერ ჩვენ ეს საწარმოო ჯაჭვიც კი არ გვაქვს, ახლა ვიწყებთ ამაზე მუშაობას, ცოტ-ცოტა რაღაცები უკვე აღვადგინეთ, მაგრამ დიდი სამუშაო გვაქვს წინ.