LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 ივლისს მთაწმინდის პარკი 88-ე დაბადების დღეს განსაკუთრებული შეთავაზებებით და სადღესასწაულო პროგრამით ხვდება

1665
ია თარხან-მოურავი

თაობების საყვარელი დასასვენებელი სივრცე – მთაწმინდის პარკი, რომელიც არაერთი ბედნიერი მოგონების ნაწილი გამხდარა, 24 ივლისს 88 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით პარკში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება.

ია თარხან-მოურავი, მთაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერი:

– მთაწმინდის პარკი ჩვენი ქალაქის სიმბოლოა, ყველას სიამაყე. მისი ისტორია 1938 წლის 24 ივლისს იწყება, თუმცა მის გახნას წინ უსწრებდა 1905 წელს ფუნიკულიორის ამოქმედება დანიელ ჭონქაძის ქუჩიდან. პარკის მნიშვნელოვანი განახლება მოხდა 2007 წელს, როცა ბატონმა ბადრი პატარკაციშვილმა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ 90-იან წლებში სრულიად გაპარტახებული პარკისთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინათ. სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, ლანდშაფტი, დაემატა ატრაქციონები, რომელთა გარეშე დღეს პარკი ვერ წარმოგვიდგენია. 2012 წელს კი ისტორიული ფუნიკულიორი განახლდა და მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ფუნიკულიორი მთელს რეგიონში არავის არ აქვს. ის განახლდა იმავე, მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის „დოპელმაიერის“ მიერ, რომელმაც 1905 წელს განახორციელა თბილისში ფუნიკულიორის პროექტი. შემდეგ იყო 2023 წელი, როცა მთაწმინდის პარკს ახალი სიცოცხლე შეემატა საბაგიროს სახით, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაჩერებული. ახლა კი რუსთაველის 52 ნომრიდან მთაწმინდის პარკში, მაქსიმუმ 5 წუთში, შესანიშნავი ხედების ფონზე ხვდებით. საბაგირო და ფუნიკულიორი არ არის მხოლოდ ტრანსპორტი. ეს არის ერთი დიდი ატრაქცია, რომელიც ჩვენთან ამოსვლას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

რაც შეეხება 24 ივლისის აღნიშვნას, ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, მთაწმინდის პარკის დაბადების დღე ჩვენი ყველა ვიზიტორისთვის იყოს დასამახსოვრებელი. ყოველთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზებებიც და სადღესასწაულო პროგრამაც.

24 ივლისს 12:00 საათზე გაიხსნება ატრაქციონები და კიდევ უფრო ადრე საბაგირო და ფუნიკულიორი. მთელი დღის განმავლობაში ვიზიტორებისთვის იმოქმედებს სპეციალური აქცია ატრაქციონებზე. გასართობი პროგრამის ფარგლებში კი, 19:00 საათზე დაგეგმილია კონცერტი – გვეყოლება გიორგი სუხიტაშვილი და დუეტი „ჯორჯია“, რომლებიც შეასრულებენ ჰიტებს. საღამოს დაასრულებს გრანდიოზული ფოიერვერკი, 21:00 საათზე.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 24-26 ივლისს მთაწმინდის პარკი ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვასაც უმასპინძლებს. იქიდან გამომდინარე, რომ პარკს ბევრი ტურისტი სტუმრობს, ძალიან გვინდა, რომ მათ ქართველი მეწარმეები გაიცნონ და ქართული წარმოების, მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინონ.

24 ივლისს მთაწმინდის პარკი იმუშავებს 23:00 საათამდე, 00:00 საათამდე კი – ფუნიკულიორი და საბაგირო. მთელ ქალაქს ვულოცავ ამ იუბილეს. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი პარკი კიდევ უფრო გაზრდილიყოს და კიდევ ბევრი წლის განმავლობაში გვეამაყოს მისით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები