LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტი პიარსა და მარკეტინგში – თამაშის ახალი წესები

585
ლანა ბლიაძე

ციფრულ ეპოქაში, სადაც დრო ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, პიარი და მარკეტინგი სწრაფად იცვლის ფორმას და ამ ტრანსფორმაციის ცენტრში ხელოვნური ინტელექტი დგას. ალგორითმები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ მონაცემთა ანალიზისთვის გამოიყენებოდა, დღეს უკვე ქმნიან ტექსტებს, გეგმავენ კამპანიებს, აანალიზებენ აუდიტორიის ქცევას და რეალურ დროში წყვეტენ, რა უნდა უთხრას ბრენდმა მომხმარებელს. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე – ის გახდა სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც ცვლის კომუნიკაციის წესებს, აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას და აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას, იყვნენ უფრო პერსონალიზებულები, სწრაფები და ეფექტურები. მაგრამ ამავე დროს ჩნდება კითხვებიც: სად გადის ზღვარი ავტომატიზაციასა და ადამიანურ შემოქმედებას შორის? შეუძლია თუ არა ალგორითმს ემოციის შექმნა? როგორ უნდა შეინარჩუნოს ბრენდმა ავთენტურობა მაშინ, როცა მისი ხმა ნაწილობრივ უკვე მანქანის მიერ იქმნება?

ლანა ბლიაძე, საკონსულტაციო კომპანიის „Fame Consulting“ დამფუძნებელი, პიარის სპეციალისტი:

– პიარებისა და მარკეტერების ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენას თავდაპირველად სკეპტიკურად ვუყურებდი, თითქოს არ მივიღე – ერთი მხრივ იმიტომ, რომ ადამიანებს სიახლეების მეტ-ნაკლებად გვეშინია, მეორე მხრივ კი, არ მომწონდა საუბრები იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი მთელ რიგ პროფესიებს ჩაანაცვლებდა. მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, გავრკვეულიყავი რეალურად რას გვაძლევდა ეს ტექნოლოგიური სიახლე, ამ მიმართულებით ტრენინგიც გავიარე და მივხვდი, რომ ის კონკურენტი არ იყო და რომ მისი სასიკეთოდ გამოყენება შეიძლებოდა. ხელოვნური ინტელექტი არავისაც არ ანაცვლებს, ის უბრალოდ მნიშვნელოვნად გვიმარტივებს საქმიანობას. ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასე აღმოჩნდა. თუ, ვთქვათ, რომელიმე პროექტის კეთებას, სტრატეგიის შედგენას ორ დღეს ვანდომებდი, ახლა 5 საათი მყოფნის და ეს სერიოზული დახმარებაა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის. ხელოვნურმა ინტელექტმა დამაზოგინა დრო და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა ანალიტიკური მიმართულება. რა თქმა უნდა, გუგლშიც შეგიძლია მოიძიო ნებისმიერი ინფორმაცია, მაგრამ ამაში დროს კარგავ, ხელოვნურ ინტელექტს კი კონკრეტულ კითხვას უსვამ და კონკრეტულ პასუხს გიბრუნებს, რისთვისაც შემიყვარდა.

– კომპანიებისთვის კამპანიების დაგეგმვის ფორმა თუ შეცვალა ხელოვნურმა ინტელექტმა და ასევე, რამდენად გეხმარება ის მომხმარებლის ქცევის სწორად პროგნოზირებაში?

– ბოლოდან დავიწყებ. უპირველესად, უნდა იცოდე, რა უნდა შენს მომხმარებელს, რა სჭირდება, როდესაც კამპანიას გეგმავ. ეს არც აქამდე იყო რთული, მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ნაწილიც გაამარტივა, იმიტომ, რომ კარგ ანალიტიკას გთავაზობს. ბევრჯერ მომისმენია, ხელოვნურ ინტელექტს რაღაც ვკითხე და იმდენი სისულელე მომწერა. ხელოვნურ ინტელექტს თუ მკაფიოდ დაუსვამ შეკითხვას, კონკრეტულ პასუხს მიიღებ. ხელოვნურ ინტელექტს ჯერ უნდა ავუხსნათ, რა მიმართულებით ვმუშაობთ, რა გვინდა და მას აუცილებლად სწორი უკუკავშირი ექნება. რაც შეეხება სტრატეგიის დაგეგმვას, საკუთარ თავს უკვე ვატყობ, რომ ცოტა დამოკიდებული გავხდი ხელოვნურ ინტელექტზე, იმიტომ, რომ როცა სტრატეგიას ან ამა თუ იმ პროდუქტის პიარ კამპანიას გავწერ ხოლმე, აუცილებლად ვეკითხები ChatGPT-ის, რამდენად სწორია. ხშირ შემთხვევაში მეთანხმება, ზოგჯერ კი მირჩევს ხოლმე, რომ რაღაც საკითხები უფრო ჩავშალო, რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას უფრო მივაქციო ყურადღება. და როცა ეუბნები, რომ გათვლა გაქვს ამა და ამ სეგმენტზე, ის გეუბნება იქნება ეს მომგებიანი, თუ არა. რა თქმა უნდა, აქაც კითხვის ნიშანი ჩნდება, გაამართლებს თუ არა მისი პროგნოზი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ბევრი ტვინი რომ კარგია, ვთანხმდებით და ჩემთვის ხელოვნური ინტელექტია სწორედ ბევრი ტვინის ერთობლიობაა, რომელიც კარგად მადგება ამ ეტაპზე.

– ხელოვნურმა ინტელექტმა მოიტანა პერსონალიზებული მარკეტინგის საჭიროებაც, ანუ როდესაც ესა თუ ის პროდუქტი ან სერვისი კომპანიამ შეიძლება შესთავაზოს არა ზოგადად მომხმარებელს, არამედ კონკრეტულ პირებს. აქვე ვისაუბროთ იმ უხერხულობებზეც, რომლებიც ამ მიდგომამ შეიძლება შექმნას მომხმარებლისთვის.

– დიახ, მასობრივი კომუნიკაცია უკვე პირად ურთიერთობებში გადავიდა. ადრე თუ სარეკლამო მესიჯი იყო, რომ ჩვენი პროდუქტი არის ყველასთვის, ახლა ვამბობთ, ჩვენი პროდუქტი არის შენთვის. ანუ კონკრეტიზაციის გზას ირჩევ, რაც, როგორც აღმოჩნდა, მოსწონს მომხმარებელს – დღეს ყველას უნდა, რომ ის იყოს მთავარი გმირი, მისთვის იმუშაოს კომპანიამ, გაიგოს მას რა სურს და ა.შ. თუმცა, ჩემი პირადი დამოკიდებულების შესახებ რომ გითხრათ, როცა დიდი კომპანია შენობით მელაპარაკება, ვატყობ, რომ არ მომწონს. ვფიქრობ, ფამილარობასა და აკადემიურობას შორის კომპანიამ ოქროს შუალედი უნდა დაიცვას. მაგრამ როდესაც მომხმარებელს კონკრეტულად ეუბნები, რას აკეთებ, ეს, რა თქმა უნდა, მისაღებია და ეფექტური, რადგან ადამიანები დაიღალნენ ამდენი რეკლამით – უკვე ყველა სტატისტიკა გვეუბნება, რომ თუ რამდენიმე თვის წინ 5-6 წამი იყო საკმარისი მომხმარებელი რომ „დაგეჭირა“ შენი კონტენტის სანახავად, ახლა ეს დრო 3 წამზე ჩამოვიდა. წარმოგიდგენიათ, რამდენადაა საზოგადოება სქროლვას მიჩვეული, რომ თუ პირველ სამ წამში ვერ უთხარი შენი სათქმელი, მომხმარებელს კარგავ. ამიტომ არის პერსონალიზებული მარკეტინგი მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ეთიკური ნორმების დაცვაც. აი, მაგალითად, ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, შეიძლება გავხსნათ სოციალური ქსელი და დაახლოებით იგივე თემა ამოგვივარდეს წამებში. ხომ ჩნდება კითხვა, რანაირად? ფაქტობრივად, ჩვენი ყველა გადადგილებაა გაანალიზებული. ეს ცოტა საფრთხის შემცველია, მაგრამ, მეორეს მხრივ, კომპანიებს ეხმარება გამოიცნოს მომხმარებლის სურვილები.

– ეხმარება თუ არა ხელოვნური ინტელექტი კომპანიას რეპუტაციული რისკებისგან დაცვაში, თუ ამ თვალსაზრისით მაინც ადამიანური რესურსია შეუცვლელი?

– ეს ის ნაწილია, სადაც მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს ეფექტიანი, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო კარგად ხვდება, როდის მოდის საფრთხე. იმას ვგულისხმობ, რომ არის რაღაცები, რასაც ადამიანური ალღოთი უნდა მიხვდე. ხელოვნური ინტელექტი კი ემოციურ ინტელექტს ვერ შეიძენს, რომელი საუკუნეც უნდა დადგეს.

– ვისაუბროთ მცირე ბიზნესის მიერ AI მარკეტინგის გამოყენების შესაძლებლობაზე (ავტომატური რეკლამა, ჩატბოტები, დაბალბიუჯეტიანი კამპანიები), რამდენად ხარისხიანი კონტენტი შეიძლება შეიქმნას იაფად?

– რა თქმა უნდა, როდესაც კომპანიას არ აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, პიარ-მარკეტინგისთვის რომ გამოყოს გარკვეული ბიუჯეტი, მარტივი გზაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. თუმცა არც ეს არის მაინც და მაინც იაფი მომსახურება, მაგრამ შეიძლება გყავდეს თანამშრომელი, რომელიც ამ მიმართულებით არის ძლიერი და კარგი დახმარება გაგიწიოს. თუმცა მე რასაც ვაკვირდები, AI რეკლამა ისე ახლოს არ მიდის ადამიანის გრძნობებთან, როგორც ტრადიციული რეკლამა. მეც ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს პოსტების მიმართულებით, ვიზუალიზაციის მიმართულებით, მაგრამ სულ მასზე აწყობილ კამპანიას სული არ ექნება.

– უნდა იცოდეს თუ არა მომხმარებელმა, რომ სარეკლამო კონტენტი AI-ით არის შექმნილი?

– აუცილებლად, და არა მხოლოდ სარეკლამო კონტენტთან მიმართებით. იყო პერიოდი, როდესაც სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი უამრავი ვიდეო იდებოდა, მათ ნამდვილად კარგად მოიზიდეს მაყურებელი და გაზარდეს ე.წ. ინგეიჯმენთი, მაგრამ, ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიზუალურ მასალას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ე.წ. Watermark.

– საბოლოოდ, კრეატიულობა გაიმარჯვებს თუ ალგორითმი?

– იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი, როდესაც შემიძლია მათი ტანდემით მივიღო კარგი შედეგი. ძალიან მომწონს ეს ფრაზა – „შენ კი არ ჩაგანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, ჩაგანაცვლებს ის კოლეგა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი იცის კარგად“.

– თუ დღეს ახალგაზრდა იწყებს პიარისა და მარკეტინგის შესწავლას ან პირველ ნაბიჯებს დგამს ამ სფეროში, რომელი AI უნარები უნდა ისწავლოს პირველ რიგში?

– შეუსწავლელი არაფერია ქვეყანაზე, მთავარია, გინდოდეს და ისწავლი ყველაფერს. ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაც ძალიან მარტივი გახდა. სულ რომ არ გაიარო ტრენინგები, თვითონ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაც შეგიძლია ისწავლო, როგორც გამოიყენო ესა თუ ის ფუნქცია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხელოვნური ინტელექტი გავზარდოთ – როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას სწორად უნდა მივცეთ დავალება, ამასთან, ავუხსნათ, რა შედეგი გვინდა მივიღოთ, რათა მოგვაწოდოს არა გამოუსადეგარი მასალა, არამედ კონკრეტული და საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g