LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციები მარკეტინგსა და გაყიდვებში ქართული კორპორაციებისთვის

1579
ირაკლი ქაშიბაძე

თუ მარკეტინგის დირექტორი, გაყიდვების დირექტორი ან ბიზნეს ლიდერი ბრძანდებით და ეძებთ პრაქტიკულ ცოდნასა და AI-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს, არ უნდა გამოგრჩეთ FutureLab Corporate Innovation Day. 17 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორია „Future Laboratory“. ღონისძიება ფოკუსირებული იქნება ხელოვნურ ინტელექტსა და ინოვაციებზე მარკეტინგსა და გაყიდვებში.

ირაკლი ქაშიბაძე, საინვესტიციო ფონდისა და სტარტაპ აქსელერატორის „Future Laboratory“ მმართველი პარტნიორი:

– ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მისი ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლა თამამად შეგვიძლია შევადაროთ თავის დროზე ელექტროფიკაციით განპირობებულ ცვლილებებს, რადგან მასაც მსგავსი პოზიტიური განვითარების მოტანა შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, კომპანიისთვის, დარგისთვის, ზოგადად საზოგადოებისთვის.

დღეს უკვე ბევრისგან მსმენია, რომ საკუთარი საქმიანობა ვეღარ წარმოუდგენია, თუ არ იყენებს რომელიმე AI აგენტს – ChatGPT-ს, თუ Gemini-ს, თუ Claude-ს და ა.შ. ანუ ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდა, მცირე ამოცანების შესრულების დროს თუ გარკვეული პროცესების ავტომატიზაციის ნაწილში.

რომ წარმოვიდგინოთ, რა გავლენას მოახდენს ბიზნესზე ხელოვნური ინტელექტი, ხშირად მომყავს ეს მაგალითი – სან-ფრანცისკოში, ერთ წელიწადში, უპილოტო, ანუ მძღოლის გარეშე ტაქსების ბაზრის მოცულობამ ტრადიციული ტაქსების ბაზარს 30%-ი წაართვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი რჩება უმუშევარი. უბრალოდ იქნება ისე, როგორც ხდებოდა ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც გადავდიოდით ძველი ტიპის საქმიანობიდან ახალ პროცესებზე, ანუ იცვლებოდა საქმიანობის სტრუქტურა და ფორმა. საჭიროა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიისთვის ფეხის აწყობა, რადგან ის ძალიან დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს ადამიანებს. ფაქტობრივად, თქვენ გიჩნდებათ სუპერ ძალა, რომელიც შეიძლება მოგეხმაროთ ნებისმიერი მიმართულებით განვითარებაში. ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, ჰქვია თანამუშაობა (copiloting). ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეიძლება გახდეთ მათემატიკოსი, ბიოლოგი, ფიზიკოსი, პროგრამისტი. შესაბამისად, ერთი, ორი, სამი ადამიანისგან შემდგარ კომპანიას უკვე შეუძლია აწარმოოს მილიარდიანი ბიზნესი. წარმოიდგინეთ, ბოლო, დაახლოებით, სამ წელიწადში გაჩნდა 1500 კომპანია, რომელთა ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. და ეს ყველაფერი მოხდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

დღეს უკვე შეგიძლია ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ მექანიზმებს, AI აგენტებს მისცე კონკრეტული დავალება, მაგალითად, მომიძიე ესა და ეს ინფორმაცია, დაწერე კოდი, გააანალიზე ინტერნეტში არსებული სიახლეები, გამიკეთე პრეზენტაცია და დილას ყველაფერი დამახვედრე მზად ამა და ამ ფორმატში. ანუ წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ათობით უხილავი თანამშრომელი, რომლებსაც უბრალოდ ბრძანებას აძლევთ. თითქოს ფანტასტიკაა, მაგრამ სინამდვილეში უკვე რეალობაა. ეს არის ზუსტად ის გარემოება, რატომაც უნდა ავჩქარდეთ.

სამწუხაროდ, რასაც ახლა საქართველოში ვადევნებ თვალს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ეკოსისტემებს თუ შევედრებით, ძალიან დიდი ჩამორჩენაა, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში. ამას განაპირობებს სპეციალისტებისა და ცოდნის ნაკლებობა. დასაქმების ბაზარსაც რომ შევხედოთ, ტრადიციული მიმართულების პროგრამისტები ჭარბობს, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე მომუშავეების. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წამყვანი კომპანიები უკვე დიდ ინვესტიციას და დროს ხარჯავენ მათ ეკოსისტემაში ხელოვნური ინტელექტის დასანერგად, რათა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა ბაზარზე. ხშირად მომყავს ეს მაგალითი – იყო ასეთი კომპანია „200 200“, რომელსაც ბევრმა ჩემმა მეგობარმა შესთავაზა ტაქსის გამოძახების სატელეფონო აპლიკაციის შექმნა, უფრო მეტი მომხმარებელი რომ ჰყოლოდა, მაგრამ კომპანია უარს ამბობდნენ იმ საბაბით, რომ შემოსავალს ისედაც არ უჩიოდა. და რას ვხედავთ დღეს, ბაზარზე ტაქსის არაერთი კომპანია ოპერირებს, „200 200“ კი აღარავის ახსოვს, იმიტომ, რომ მან დროულად ვერ აუწყო ფეხი ტექნოლოგიურ ცვლილებებს. შესაბამისად, იგივე მოხდება ტრადიციულ ბიზნესშიც, თუ შენ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს არ გამოიყენებ, თუ არ ისარგებლებ სტარტაპების მიერ შექმნილი პროდუქტებით, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზეა დამყარებული, ვერ იქნები კონკურენტუნარიანი, ვერ მიიღებ სათანადო შემოსავალს.

– ქართულ ბიზნესში AI-ის დანერგვის მთავარ ბარიერებს შორის, ცოდნის და სპეციალისტების ნაკლებობასთან ერთად, არის თუ არა შიშიც ცვლილებების მიმართ?

– დიახ. მოგეხსენებათ, ინდუსტრიული რევოლუციის დროს გაჩნდა ლუდიტების მოძრაობა – ახალი ტექნოლოგიების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მუშები იპარებოდნენ ქარხნებში, ფაბრიკებში და ამტვრევდნენ მოწყობილობებს, რადგან ისინი მიაჩნდათ გაღატაკების მიზეზად. მაგრამ მათმა ქმედებებმა ვერაფერი შეცვალეს, პროგრესი არ შეჩერებულა. იგივე იქნება ხელოვნური ინტელექტის კუთხითაც. მართალია, ბევრ ადამიანს ეშინია ხელოვნური ინტელექტის, ბევრსაც გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს მასზე (ეს ჯერჯერობით მხოლოდ ჭკვიანი მექანიზმია და ვერანაირად ვერ უტოლდება ადამიანის შესაძლებლობებს), მაგრამ ფაქტია, რომ მას აქვს ავტომატიზაციის ძალიან დიდი უნარები და მისი ადამიანის კრეატიულობასთან სინერგიით შეგიძლია მიიღო წარმოუდგენელი შესაძლებლობები და შედეგები.

– მოდით ახლა FutureLab Corporate Innovation Day-ზე ვისაუბროთ, რატომ აირჩიეთ მარკეტინგი და გაყიდვები პირველ თემად?

– უპირველესად აღვნიშნავ, რომ „Future Laboratory“ არის საქართველოში დაფუძნებული პირველი ვენჩურული ფონდი, მას აქვს ეროვნული ბანკის ლიცენზია. ჩვენ გვყავს ინვესტორები, პარტნიორები საქართველოდან, ჩვენი რეგიონიდან, აშშ-იდან და ჩვენ მათ მიერ ჩვენს ფონდში განთავსებულ ფულს ქართულ სტარტაპებში ვაინვესტირებთ. რაც შეეხება თავად ღონისძიებას, მას ვაკეთებთ იმიტომ, რომ სტარტაპები, რომლებიც მარკეტინგის მიმართულებით მუშაობენ და აქვთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტები, სჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების მომხმარებლამდე მიტანა. მეორე მხრივ, რადგანაც კომპანიებს ჯერ კიდევ ნაკლებად ესმით ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა ბიზნეს პროცესებში, „Future Laboratory“ იქნება მედიატორის როლში, ის ხელს შეუწყობს, რომ სტარტაპებმა უფრო ეფექტურად შეძლონ ბიზნესისთვის საკუთარი შესაძლებლობების ახსნა და რომ მხარეებმა ერთმანეთთან დაიწყონ თანამშრომლობა.

– ვინ იქნებიან ღონისძიების სპიკერები?

– მონაწილეები მიიღებენ ცოდნას სილიკონის ველის ექსპერტისგან და Google-ის ყოფილი თანამშრომლისგან 23 წლიანი გამოცდილებით, ასევე გაეცნობიან პრაქტიკულ ქეისებს და მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას ქართული სტარტაპებისგან, რომლებიც ავითარებენ ინოვაციურ გადაწყვეტებს კორპორაციული მარკეტინგისა და გაყიდვების გამოწვევებისთვის.

– სად უნდა დარეგისტრირდნენ ამ შეხვედრაზე დასწრების მსურველები?

– ჩვენ შევქმენით პორტალი www.innovation.ge,  სადაც იპოვით სარეგისტრაციო ბმულს და დამატებით ინფორმაციას ღონისძიების შესახებ. FutureLab Corporate Innovation Day ჩატარდება 17 ივნისს, 19:30 საათზე, ონლაინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g