რა მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ხელის ყოველდღიური მოძრაობა – ყუთის გადატანიდან ლაბორატორიულ სამუშაომდე – ხელოვნური ინტელექტისთვის სასწავლო მასალად გადაიქცევა? ამ პროცესს უკვე ჰყავს მთავარი მოთამაშე საქართველოში – ახლად დაფუძნებული კომპანია „სინექსია“ (Synexia), რომელიც ხელის მოძრაობის ვიდეო მონაცემებს აგროვებს სამრეწველო რობოტიკისა და სამედიცინო AI-ის განვითარებისთვის.
გიორგი ზაზარაშვილი, კომპანიის „სინექსია“ დამფუძნებელი:
– ქართული კომპანია „სინექსია“ სულ რამდენიმე თვის დაარსებულია. ჩვენ ვართ ერთადერთი ლოკალური პარტნიორები გერმანული სტარტაპისა MicroAGI, რომელიც ხელის მოძრაობის ვიდეოჩანაწერებით სამრეწველო რობოტიკისა და სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ზრუნავს. ჩვენი ამოსავალი წერტილია, ვიპოვოთ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად ხელსაქმით არიან დაკავებულები და მივცეთ მათ საშუალება, იყვნენ როგორც პროგრესის ნაწილი, ისე ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ დამატებითი შემოსავალი.
– რა ტიპის ხელსაქმეზეა საუბარი?
– სპექტრი საკმაოდ ფართოა, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ლოგისტიკური მიმართულება (ყუთების გადატანა, შეფუთვა, განფუთვა), სამზარეულოში საქმიანობა, დასუფთავება, მშენებლობა, მცირე ტექნიკის დაშლა-აწყობა, ავეჯის აწყობა და რაც მთავარია, სამედიცინო სფეროს აქტივობები (მაგალითად, ლაბორატორიაში მუშაობა). ანუ გვაინტერესებს ყველა ის მიმართულება, სადაც ხელის მოტორიკა მკაფიოდ არის წარმოჩენილი. ჩვენ ვიღებთ იმას, რაც მომავალში რობოტიკას ან სამედიცინო სფეროს გამოადგება. სამედიცინო სფეროზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სამედიცინო პროთეზებს – ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ კონკრეტული კიდური, არც ისე შორეულ მომავალში დამოუკიდებლად შეძლებენ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებას ტექნოლოგიების განვითარების წყალობით.

– მაშინ როდესაც რობოტები ისწავლიან ყველაფერ იმას, რაც ჩვენ ვიცით, სად რჩება ადამიანის ადგილი ამ პლანეტაზე?
– ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თავისი მოსახლეობის ფიზიკური საქმიანობა ჩაანაცვლოს რობოტებით, არის უმდიდრესი. ის საქართველო, სადაც ხელსაქმის მქონე ადამიანი ჩანაცვლდება რობოტით, არის აყვავებული და გაბრწყინებული საქართველო. რობოტის ღირებულება იმდენად აღემატება ადამიანის შრომის ღირებულებას, რომ დამიჯერეთ, არცერთ კომპანიას ამ ეტაპზე არ უღირს რობოტების გამოყენებაზე გადასვლა. აქ საუბარია პერსპექტივაზე – რაღაც მომენტში, დიახ, დადგება რეალობა, როდესაც ადამიანს მოუწევს, მძიმე სამუშაოებს ჩამოსცილდეს ტექნოლოგიების სასარგებლოდ. ისე კი, პირველები, ვინც სამსახურს დაკარგავენ, მაგალითად, ბანკირები იქნებიან, რადგან მათი სფერო ყველაზე მარტივად ექვემდებარება გაციფრულებას.
– როგორ უნდა დაგიკავშირდნენ დაინტერესებული პირები პროექტში მონაწილეობისთვის?
– ყველაფერი არის უმარტივესი. მოგვძებნეთ ფეისბუკზე ან შემობრძანდით ჩვენს ვებგვერდზე, სადაც შეიყვანთ თქვენი მონაცემებს (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი), რეფერალის კოდის ველში ჩაწერთ robotics2026, რის შემდეგაც ჩვენი ოპერატორები დაგიკავშირდებიან. ამის შემდეგ ვთანხმდებით გადაღების დეტალებზე და მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან ან ჩვენ მივალთ მათთან.

– როგორ წარმოებს გადაღება?
– პროექტში მონაწილე ირგებს თავსამაგრს, რომელშიც თავსდება მისი ან ჩვენი ტელეფონი, სადაც ჩამოწერილია ჩვენი აპლიკაცია და იწყება გადაღება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბუნებრივად აკეთოს ადამიანმა თავისი საქმე. ჩვენ ხელოვნურად შექმნილი კადრები არ გვჭირდება, ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ ისე, რომ თქვენ მუშაობის პროცესში არაფერს არ ცვლით და თან ამაში გარკვეულ ანაზღაურებას იღებთ – ერთ საათში 20 ლარს გამოიმუშავებთ.
– რამდენად არის დაცული პროექტში პირის კონფიდენციალურობა, ხომ არ არის რისკი, რომ ხელების გარდა მისი სახეც გამოჩნდეს?
– ფიზიკურად შეუძლებელია გადაღების პროცესში გამოჩნდეს რაიმე, გარდა თქვენი ხელებისა. ის ვიდეო, სადაც ხელების გარდა რამე ჩანს, უარყოფილი იქნება აპლიკაციის მიერ. ასევე არ იწერება ხმა, კადრში „იბლარება“ თუნდაც წარწერა ყუთზე. წარმოიდგინეთ, 1 საათიანი ვიდეო არის 4 გბ ინფორმაცია. არ მეგულება სამყაროში პლატფორმა, სადაც 4 გბ შეიძლება გაამრავლო იმ საათების რაოდენობაზე, რამდენსაც ჩვენ ვიწერთ და ატვირთო მასზე. ამიტომ აპლიკაციამ უნდა გაამარტივოს გადაღებული კადრები – გადაღების პროცესში ის ხელებს ავლებს ხაზებს, ასე ვთქვათ, გარდაქმნის ჩონჩხად. საბოლოოდ, მხოლოდ ამ ხაზებს შეინარჩუნებს და ასე, მარტივი ჩონჩხის სახით ატვირთავს აპლიკაციაში.

– რამდენ ხანს გრძელდება თანამშრომლობა თქვენსა და ხელსაქმის მქონე პირებს შორის?
– ამ ეტაპზე ვდებთ 30 დღიანი მომსახურების ხელშეკრულებას ნებისმიერ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირთან. ჩავთვალოთ, რომ ეს 30 დღიანი ხელშეკრულება არის ე.წ. საპილოტე, თუმცა შემდეგ, ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე, ისე შესაძლებელია გაგრძელდეს ან შეწყდეს.
– თავად თქვენ რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ითანამშრომლოთ გერმანულ მხარესთან?
– იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო შეგროვებული ვიდეომასალით ხარისხობრივად პირველ ადგილზეა, დაახლოებით, 15 პარტნიორ ქვეყანას შორის (მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ და ა.შ.), ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს. პროექტი ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად გაგრძელდება და საუბარია კიდევ ერთი წლის დამატების შესაძლებლობაზეც. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, ეს პროექტი განგვეხორციელებინა საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, რამხელა ფინანსური სარგებლის მომტანი შეიძლება ყოფილიყო მოსახლეობისთვის.